ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - დეკემბერი 2023

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 01/09/2024 - 17:33

2023 წლის დეკემბერში:

ნავთობის ფასი თვიურად 7.0%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 10.3%-იანი კლება დაფიქსირდა. წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა ნავთობის ფასების მოლოდინი შეამცირეს, რაც OPEC+-ის გარდა სხვა მწარმოებლების გააქტიურებას მოჰყვა (განსაკუთრებით აშშ).

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 29.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 54.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ფასის მნიშვენლოვანი ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროპაში მარაგების მაღალი დონეა (86%).

ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 1.4%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 52.0%-იანი კლება დაფიქსირდა. მცირე ზრდა თანხვედრაშია ჩვენს წინა მიმოხილვაში გაკეთებულ პროგნოზთან, რომლის თანახმადაც ზამთარში სასუქების ფასი მეტნაკლებად სტაბილური იქნებოდა.  

ხორბლის ფასი თვიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 7.1%-იანი კლება დაფიქსირდა.  როგორც წინა მიმოხილვაში იყო აღნიშნული, პეკინი 2023 წელს რეკორდული ოდენობის ხორბლის შეძენას გეგმავდა, რამაც აშშ-ს მოსალოდნელზე ნაკლები ადგილობრივი მარაგები დაუტოვა.

სპილენძის ფასი თვიურად 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. პანამაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო First Quantum Minerals-ის მიერ წარმოების შემცირება ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს 2024 წელს.

ფეროსილიკონი - ევროპული ნედლეულის ფასი თვიურად 3.2%-ით გაიზარდა, ჩინურის კი უცვლელი დარჩა - ერთი ტონა $1,335.

ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 13.1%-ით,  რაც პირველი წლიური მატებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ანალიტიკოსების მიხედვით, მიუხედავად პოზიტიური წლისა, ოქროს 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ზრდის პოტენციალი დარჩა.