ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2022 წლის მაისში, რასაც მოწმობს ყველა ძირითადი ინდიკატორი: ვიზიტორების რაოდენობა, ტურიზმიდან შემოსავლები, Airbnb-ისა და სასტუმროებზე მოთხოვნა.
ვიზიტორების რაოდენობამ 319,796 შეადგინა, რაც 205.3%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 51.7%-ია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 2 წელში. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების რაოდენობის ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 62.3% შეადგინა (წინა თვეში - 52.3%). ერთდღიანი ვიზიტები კვლავ დაბალ ნიშნულზე იყო, თუმცა მცირედით დაჩქარდა და 2019 წლის დონის 28.6% შეადგინა (წინა თვეში - 16.0%), რაც განპირობებულია მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო რეგულაციების შემსუბუქებით. ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან (ჯამურის 18.8%) შემოვიდა, შემდეგ მოდის რუსეთი (16.1%) და სომხეთი (13.3%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და უზბეკეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.
ტურიზმის შემოსავალმა პოსტ-პანდემიური პერიოდის მაქსიმუმს მიაღწია - 258.6 მილიონი აშშ დოლარი, რაც 3.5-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს და 2019 წლის დონის 95.6%- ია (წინა თვეში - 70.6%). აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლები ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს. ჩვენი ვარაუდით, საქართველოში 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა იმაზე ხანგრძლივი ვადით, ვიდრე ] ტურისტები. ტურიზმის შემოსავლების 17.9% მოდიოდა რუსეთზე 2022 წლის მაისში, შემდეგ მოდის ბელარუსი (ჯამურის 11.1%), ევროკავშირის ქვეყნები (9.7%), თურქეთი (9.7%) და უკრაინა (9.4%). ჩვენი საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 85%- იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მაისის შემოსავლების და მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, სრულ აღდგენასაც არ გამოვრიცხავთ.