უძრავი ქონება - ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური - 2კვ24

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 08/22/2024 - 13:16

საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში

2024 წლის II კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად). გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).

ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.

2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. 

ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული. ამჟამად ქირის საშუალო წლიური ამონაგები 9.4%-ია.

2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2-ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და  10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული.

საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში

2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა.

ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.

2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და $1,092/მ2-ს გაუტოლდა.

ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-იანი ზრდაა.

საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში

2024 წლის II კვარტალში გუდაურში 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა.

გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.

2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2-ზე დარჩა.

გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა.
 

Thumbnail