თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ოქტომბერი 2023

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 11/13/2023 - 19:17

გაყიდული ბინების რაოდენობა 

2023 წლის ოქტომბერში თბილისში 3,325 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 16.6% კლება და თვიურად 5.2%-იანი ზრდაა. წლიური კლების ძირითადი მიზეზი წინა წლის რეკორდულად მაღალი ბაზაა. თვიურად ყველაზე მეტად გაყიდვები პირველად ბაზარზე გაიზარდა (+6.9% თ/თ), რასაც მოჰყვა მეორადი ბაზრის გაყიდვები ახალ და ძველ პროექტებში (+5.1% და +2.8% თ/თ, შესაბამისად).

2023 წლის ოქტომბერში წლიური გაყიდვები შემცირდა თბილისის ყველა უბანში. ამასთან, ამ შემცირებაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია ისანში (-31.5% წ/წ) და გლდანში (-20.8% წ/წ) გაყიდვების კლებამ იქონია.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში  საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) მუდმივი დომინირება და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 - 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ფასები

2023 წლის ოქტომბერში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა მეორადი ბაზრის ახალ პროექტებზე (+1.4% თ/თ), რასაც მოჰყვა პირველადი ბაზრის ფასები (+0.7% თ/თ). მეორადი ბაზრის ძველ პროექტებზე ფასები თვიურად 4.4%-ით შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერების პროექტებში (პირველადი ბაზარი) საშუალო ფასების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა დიდუბეში (+39.2% წ/წ), რაც გამოწვეულია პრემიუმ კლასის პროექტების რაოდენობის ზრდით ამ უბანში.

ბაზრის ზომა

2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 244.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა.

ისევე როგორც წინა თვეებში, პირველადი ბაზრის ზომა გაიზარდა (+9.6% წ/წ), რამაც ნაწილობრივ დააბალანსა მეორადი ბაზრის ზომის შემცირება (-14.2% წ/წ). 

ქირა

2023 წლის ოქტომბერში თბილისში ქირის ფასი თვიურად 0.4%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში მაინც მაღალ დონეზე დარჩა (+24.7% წ/წ აშშ დოლარში). 

2023 წლის მარტიდან ქირებმა შემცირება დაიწყო და 5.7%-ით შემცირდა ოქტომბრისთვის. მოსალოდნელია რომ ქირების კლება ახლო მომავალშიც გაგრძელდება.

სამშენებლო ნებართვები

გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც ძლიერი მოთხოვნით და რეგულაციებით აიხსნება.

2023 წლის პირველ 10 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 41.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა უფრო ნაკლები ტემპით, წლიურად 17.3%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს დაგეგმილი პროექტების გაზრდილ ზომებზე.