უძრავი ქონება - ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური - 3კვ23

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 10/17/2023 - 12:20

საცხოვრებელი უძრავი ქონება ბათუმში

2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში 3,902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17.0%-იანი და კვარტალურად 1.1%-იანი კლებაა. ამასთან, კლება დაფიქსირდა როგორც პირველად (-16.5% წ/წ), ისე მეორად ბაზრებზე (-17.8% წ/წ). 

2023 წლის მე-3 კვარტალში გაყიდვები შემცირდა ბათუმის თითქმის ყველა უბანში, ახალი ბულვარისა (+10.3% წ/წ) და გონიო-კვარიათის (+10.6% წ/წ) გარდა. ეს ასახავს უძრავი ქონების დეველოპმენტის გადასვლას ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ახალი ბულვარის ტერიტორია ლიდერობს მიმდინარე დეველოპერული პროექტების რაოდენობით. ამჟამად, ბათუმში მიმდინარე 189 სამშენებლო პროექტიდან 75 (მთლიანის 39.7%) მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც მომავალში გაზრდის ბინების რაოდენობას ამ უბანში.

2023 წლის მე-3 კვარტალში მცირე (26-50 მ2) და საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინების გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების 90.5% შეადგინა.

ასევე, გრძელდება გაყიდვებში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილის ზრდა და ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინების წილის შემცირება. ეს ცვლილება ძირითადად იხსნება ფასების ზრდით. მაგალითად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანი გაყიდვების 34.9% დაფიქსირდა მაღალი (1,201-1,800 აშშ დოლარი) და პრემიუმ-კლასის (1,801-3,000 აშშ დოლარი) სეგმენტებში, როდესაც 2022 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 23.3% იყო. 

2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების საშუალო ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე (+19.1% წ/წ), რასაც მოსდევს მეორადი ბაზარი (+12.0% წ/წ ახალ და +8.5% წ/წ ძველ პროექტებში). ამასთან, წლიურად ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა გონიო-კვარიათში (+44.8% წ/წ).

2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში სულ 245.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, ხოლო 2023 წლის 9 თვეში ბაზრის ზომამ 750.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (-6.9% წ/წ და +14.2% წ/წ, შესაბამისად). ჩვენი მოლოდინით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 2023 წელს 1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში

2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 34.9%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 11.5%-იანი ზრდა.

2023 წლის 9 თვეში, ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) მთლიანი გაყიდვების 95.5% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($801-1,200).

ბაკურიანში ამჟამად სულ 19 დეველოპერული პროექტი მიმდინარეობს და მათი უმეტესობა (9 პროექტი) კოხტას მთის მიმდებარედ მდებარეობს.

2023 წლის მე-3 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5.0%-ით გაიზარდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 32.2%-იანი კლებაა (2022 წლის მე-3 კვარტლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო), ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა.

საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში

2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში 98 ბინა გაიყიდა რაც წლიურად 14.8%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 30.7%-იანი ზრდა.

2023 წლის 9 თვეში, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 87.0% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ბაკურიანთან შედარებით, მთლიან გაყიდვებში მცირე ზომის ბინების ყველაზე მაღალი წილი გუდაურს აქვს. ამასთანავე, გაყიდული ბინების ნახევარზე მეტი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,201-1,800).

2023 წლის მე-3 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 19.9%-იანი ზრდა.