Meta:
ნოემბერში, აშშ-ს დასაქმების სტატისტიკა მოლოდინზე ძლიერი აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში 263,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, როდესაც მოლოდინი მხოლოდ 200,000-ისა იყო. ბაზარზე ამ ამბავმა უარყოფითი გავლენა იქონია, რადგან შრომის ბაზრის სიძლიერემ ხელახლა წარმოშო ფედერალური რეზერვის მიერ პოლიტიკის გამკაცრების შიში, თუმცა მთლიანად კვირის განმავლობაში ბირჟებმა მაინც შეძლეს საკმაოდ კარგი ზრდის დაფიქსირება, რადგან დასაქმების სტატისტიკის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე FED-ის თავჯდომარე ჯერომ პაუელმა გააკეთა განცხადება, რომ მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტემპის შენელება.
ზოგად ბაზართან ერთად გაიზარდა Meta Platforms-ის აქციების ფასიც, თუმცა გაცილებით უფრო მეტით, 11%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ META-ს აქციები ბოლო 1 თვის განმავლობაში თითქმის 28%-ით არის გაზრდილი. მსგავსი სწრაფი ზრდა, შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ინვესტორები ფიქრობენ, რომ ამჟამად META ზედმეტად არის გაიაფებული და მის საყიდლად ხელსაყრელი დროა. მიმდინარე წელი საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა კომპანიისთვის, ხარჯების ზრდისა და შემოსავლების შემცირების გამო, წლის დასაწყისიდან დღემდე META 63%-ზე მეტით არის შემცირებული, თუმცა კომპანიამ უკვე დაიწყო ხარჯების შემცირებაზე მუშაობა (გამოაცხადეს 11,000-ზე მეტი ადამიანის განთავისუფლება სამსახურიდან) და დიდი საინვესტიციო ბანკებიც უკვე ფიქრობენ (მაგალითად: Goldman Sachs, Deutsche Bank, Citi Group) რომ შემდეგი 1 წლის განმავლობაში META-ს აქციებს აქვთ პოტენციალი, რომ დამატებით კიდევ 30%-ზე მეტით გაიზარდოს.
Tesla:
Tesla-მ წინა კვირაში საკუთარი ახალი ელექტრო ტვირთგადამზიდის პრეზენტაცია ჩაატარა, სადაც ელონ მასკმა ინვესტორებს გააცნო ინფორმაცია ახალი მოდელის შესახებ. საინტერესოა რომ კომპლეკტაციის მიხედვით ამ ახალ მოდელს შეუძლია 300-იდან 500-ამდე მილის გავლა, და Tesla-ს პირველი ელექტრო ტვირთგადამზიდები უკვე შეიძინა კომპანია PepsiCo-მ, რომელიც უკვე გამოიყენებს მათ საკუთარი ტვირთის გადასაზიდად ამერიკაში.
Tesla-ს ეს ახალი მოდელი ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა, და პირველი მოდელები 2019 წელს უნდა გამოეშვა კომპანიას, თუმცა მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული პრობლემებისა და გარკვეული დეტალების დეფიციტის გამო, ტვირთგადამზიდის გამოშვება რამდენიმე წლით დაგვიანდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მასკის პროგნოზით, 2024 წელს ისინი სამხრეთ ამერიკაში უკვე 50,000-ზე მეტ ტვირთგადამზიდს აწარმოებენ. ამ მოდელის ფასზე Tesla-ს გენერალურ დირექტორს კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია.
როგორც ჩანს, ინვესტორებისთვის ახალი მოდელის პრეზენტაცია პოზიტიური სიახლე აღმოჩნდა, რადგანაც TSLA-ს ფასი წინა კვირის განმავლობაში 8.4%-ით გაიზარდა.
Farfetch:
Farfetch-ს ოთხშაბათს კაპიტალის ბაზრების დღე ჰქონდა, სადაც მენეჯმენტმა ინვესტორებს თავიანთი 2023 წლის მოლოდინები გააცნეს. მათი პროგნოზით, კომპანიის ვაჭრობის ღირებულება (gross merchandise value) 2023 წელს 20%-22%-ით უნდა გაიზარდოს, საიდანაც ორგანული ზრდა მხოლოდ 8%-10% იქნება. ზრდის დანარჩენი ნაწილი ახალი საპარტნიორო კავშირებიდან მოვა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $500 მილიონია.
თუმცა ეს რიცხვები საკმარისი არ აღმოჩნდა ინვესტორების პესიმიზმის განსამუხტად და კომპანიის აქციების ფასი 35%-ით შემცირდა. რადგან Farfetch მაღალი ფასის სეგმენტის პროდუქციით ვაჭრობს, ინვესტორები საკმაოდ კრიზისულ წელს აპროგნოზირებენ კომპანიისთვის გლობალური რეცესიის პირობებში.
თუმცა ზოგის აზრით, Farfetch და ზოგადად ონლაინ გაყიდვების ინდუსტრია საკმაოდ იაფად ივაჭრება დღეს ბაზარზე. მათთვის ვისაც ამ ინდუსტრიის წარმატების სჯერათ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროდუქტებია IBUY და ONLN. ეს არის ინდუსტრიული ETF-ები, რომელთა ფასიც წლის დასაწყისიდან დაახლოებით განახევრებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ETF-ების კომპონენტი კომპანიები ისეთი აქციების კატეგორიაში გადიან, რომლებიც ეკონომიკური აღმასვლის დროს განსაკუთრებით დიდ წარმატებას აღწევენ.