გასულ კვირას, საფონდო ბირჟებმა 2020 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დიდი კლება აჩვენეს, თუმცა, პარასკევის არასტაბილური ვაჭრობის შემდეგ, წინა დღესთან შედარებით, აქციები მცირედით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ წინა კვირას გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საზომი, როგორიცაა საცალო და საცხოვრებელი გაყიდვები, რომლებიც ნავარაუდებ ნიშნულზე დაბალი აღმოჩნდა, ამასთან, წინა კვირას აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.75%-ით გაზარდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია. ხუთშაბათს Dow Jones ინდექსი 30,000 ნიშნულს ჩამოცდა, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ არ მომხდარა, და კვირა 4.8%-იანი კლებით დახურა. ეს ბოლო 3 თვის განმავლობაში მე-11 კლებადი კვირაა ინდექსისთვის. წინა კვირას ასევე შემცირდა სხვა მნიშვნელოვანი ინდექსებიც, როგორებიცაა S&P 500 (-5.8%) და Nasdaq (-4.8%). S&P-სა და Dow Jones-ისთვის გასული კვირა მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი აღმოჩნდა.
სიახლეები:
- Amazon (AMZN) დრონით მიტანის სერვისს იწყებს. თითქმის ათი წლის წინ დაანონსებული პროექტის საბოლოო ხორცშესხმას კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. თავდაპირველად, სერვისი ხელმისაწვდომი კალიფორნიის ქალაქის - ლოკფორდის მაცხოვრებლებისთვის იქნება და მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით უფრო დაიხვეწება. კომპანიის განცხადებით, შესაბამისი პროდუქტის შეკვეთის შემდეგ კლიენტი მიიღებს შეტყობინებას მიტანის დროსთან და სტატუსთან დაკავშირებით. ამავდროულად, დრონი გაფრინდება მითითებულ ლოკაციაზე, დაეშვება უსაფრთხო მანძილზე და კლიენტის ეზოში დაუშვებს პროდუქტს. პარალელურად, მიმდინარე წლის აპრილში გუგლმა (GOOG) (GOOGL) იგივე სერვისის მიწოდება დალასის ჩრდილოეთ ნაწილისთვის დაიწყო და ახლო მომავალში გაფართოებას გეგმავს. კიდევ ერთი კონკურენტის, უოლმარტის (WMT) დრონით მიტანის სერვისი უკვე ოთხი მილიონი ამერიკელისთვისაა ხელმისაწვდომი.
- Netflix ‘Squid Game’-ის რეალითი შოუს დაწყებას გეგმავს. კომპანიამ რეალითი შოუს, “Squid Game: The Challenge”, დაწყება დაადასტურა, რომელშიც 456 მონაწილე სერიალის თამაშების მსგავს დავალებებში შეეჯიბრება ერთმანეთს. საპრიზო ფონდი $4.56 მილიონია, რაც, ნეტფლიქსის თქმით, რეალითი შოუსთვის ისტორიული მაქსიმუმია. 2021 წელს გამოსულმა ‘Squid Game’-მა მალევე მოიპოვა საერთაშორისო წარმატება და პლატფორმის ყველაზე ყურებადი სერიალი გახდა. პირველ 28 დღეში მაყურებელმა მას ჯამურად 1.65 მილიარდი საათი დაუთმო. ახალი მომხარებლების მოზიდვისთვის, დაანონსებული შოუ შესაძლოა ნეტფლიქსისთვის მომგებიანი პროექტი აღმოჩნდეს. ამ ეტაპზე, კომპანიას ერთობლივად მზარდ ინფლაციასთან, კოვიდ-19-ის შეზღუდვების მოხსნასთან და დიდ კონკურენტებთან (Disney (DIS)) გამკლავება უწევს.
- რეცესიის რისკების გამო, ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასებმა დაიკლო. ინფლაციის ზრდის, შესაძლო რეცესიის რისკების და მიწოდების პოტენციური პრობლემების გათვალისწინებით, ხუთშაბათს Advanced Micro Devices (AMD) და Qualcomm-ის (QCOM) აქციები თითქმის 8%-ით დაეცა. ტექ სექტორის შემცირების შემდეგ, რამაც NASDAQ-ის 4%-იანი კლება გამოიწვია, ელექტრონული ჩიპების მწარმოებელი სხვა კომპანიების (Nvidia (NVDA), Marvell Technology (MRVL), NXP Semiconductors (NXPI), Analog Devices (ADI) and Broadcom (AVGO) აქციების ფასებიც დაეცა (5% ან მეტით). Philadelphia Semiconductor Index (SOX), რომელიც ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ კომპანიებს აერთიანებს ერთ დღეში 6%-ით შემცირდა.