საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 03/14/2022 - 18:51

აქციების ფასები წინა კვირაშიც შემცირდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა გამოაცხადა, რომ ის ვერ ხედავს პროგრესს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში. მიუხედევად იმისა, რომ წინა კვირაში ვლადიმერ პუტინმა გამოსვლისას ახსენა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად მიდის. ამერიკამ რუსეთს დამატებითად შეუზღუდა ისეთი პროდუქციის იმპორტი, როგორებიცაა: არაყი, ხიზილალა და ბრილიანტები, ასევე პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომ მას სურს რუსეთს შეუჩეროს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ რუსულ პროდუქციაზე იმპორტიორებს ტარიფები და გადასახადები გაეზრდებათ. ინვესტორებს ასევე დამატებითად აშინებთ ინფლაციის შესახებ გავრცელებული სტატისტიკაც: წინა კვირაში გამოქვეყნებულმა მონაცემებმა თებერვალში ინფლაციის 7.9%-ამდე ზრდა აჩვენა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნავთობის ფასები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად შემცირდა, მას შემდეგ რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში რეკორდულ ფასს მიაღწია. კვირის განმავლობაში „Dow Jones”-ის ინდექსი 2%-ით შემცირდა, რაც ინდექსისთვის ვარდნის ზედიზედ მეხუთე კვირაა, „S&P 500”-ის ინდექსი 2.9%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა, ხოლო „Nasdaq”-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი 3.5%-ით შემცირდა.
 

წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • „Amazon“-მა აქციების დაყოფა და გამოსყიდვა გამოაცხადა:  კომპანია „Amazon“-ის (AMZN)  აქციები ოთხშაბათს 10%-ზე მეტით გაიზარდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი საკუთარი აქციების 1:20 თან თანაფარდობით გაყოფასა და ასევე $10 მილიარდის ოდენობის აქციების გამოსყიდვას გეგმავენ. ბოლოს „Amazon“-მა აქციები 1999 წელს დაყო, მას შემდეგ აქციების ფასი 4,500%-ზე მეტით არის გაზრდილი. აქციების გაყოფა კომპანიისთვის ფუნდამენტალურად არაფერს არ ცვლის, თუმცა ამ კორპორატიული ქმედების შემდეგ „AMZN”-ის აქციები და ოფციონები ფართო საზოგადოებისთვის უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდება, რამაც შესაძლოა გაზარდოს ამ აქციებით ვაჭრობის მოცულობა.  დაბალი ფასი ასევე ნიშნავს, რომ კომპანიამ შესაძლოა დააკმაყოფილოს „Dow Jones Industrial Average“-ის ინდექსში დამატების მოთხოვნები. „Amazon“-ის ყველა აქციონერი, რომლებსაც გახსნილი ექნებათ პოზიცია 27 მაისის მდგომარეობით, დამატებითად მიიღებენ 19 აქციას ყოველ 1 აქციაზე ივნისში. „AMZN”-ის აქციების შედეგები და ზრდა ბოლო პერიოდში ჩამორჩება სხვა ტექნოლოგიური გიგანტების შედეგებს. წინა წლის ნოემბერში კომპანიის აქციების ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმამდე, $3,773 დოლარამდე გაზრდის შემდეგ, დაახლოებით, 26%-ით შემცირდა ( აქციების დაყოფისა და გამოსყიდვის გამოცხადებამდე). გამოცხადებული კორპორატიული ქმედებები, შესაძლოა კარგად აისახოს კომპანიის აქციების ფასზე გრძელ ვადაში, რადგანაც 10 მილიარდი დოლარის გამოსყიდვის პროგრამა, კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტურია.
  • გადაზიდვის კომპანიების აქციების ფასი იზრდება:  გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები კომპანიებისთვისა და ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო 2021 წლის განმავლობაში. პანდემიამ ბევრ კომპანიას შეუქმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რაც სხვადახვა პროდუქტის დეფიციტისა და ფასის ზრდის გამომწვევ მიზეზად იქცა. რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტმა ეს პრობლემები კიდევ უფრო აქტუალური გახადა და ინვესტორებს დაანახა მიწოდების ჯაჭვებისა და გადამზიდი კომპანიების დიდი მნიშვნელობა. გადამზიდი „Shipping” კომპანიების აქციები წელს სხვა ინდუსტრიებთან შედარებით ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებს. მაგალითად, „Navios Maritime Partners“-ის (NMM) აქციების ფასი, მხოლოდ წინა კვირის განმავლობაში თითქმის 17%-ით გაიზარდა. „Danaos Corp.“-ი (DAC), რომელიც საბერძნეთში დაფუძნებული დიდი ზომის კონტეინერების გადამზიდი ხომალდების მფლობელი კომპანიაა, წინა კვირას 8%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი აქცია, რომელიც ინვესტორების ყურადღებას იქცევს, არის ისრაელში დაფუძნებული ლოჯისტიკური სერვისების მიმწოდებელი „ZIM Integrated Shipping Services Ltd.“ (ZIM), რომლის აქციების ღირებულება 1 კვირის განმავლობაში 10%-ით გაიზარდა.  ასევე უნდა ვახსენოთ ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია „Golden Ocean Group“-იც (GOGL), რომლის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 22%-ით არის გაზრდილი.
  • „SEC”-მა რამდენმე ჩინური კომპანის აქცია შეიძლება ამერიკის ბირჟიდან მოხსნას:  ამერიკულ ბირჟებზე დალისტული ჩინური აქციებისთვის სამშაბათი ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც ამერიკელმა რეგულატორმა, გამოაცხადა, რომ შესაძლოა მათ 5 ჩინური კომპანიის აქციები მოხსნან ამერიკული ბირჟებიდან, თუ ისინი რეუგლატორის აუდიტისა და გამჭირვალობის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ.  ამ კომპანიების ჩამონათვალში მოხვდნენ: „YumChina Holdings“ (YUMC), „BeiGene“ (BGNE), „Zai Lab“ (ZLAB), „ACM Research“ (ACMR) და „Hutchmed“ (HCM)  . „SEC”-ის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებიათ, თუმცა ამჟამად ინვესტორების რეაქცია ბევრად უფრო მძაფრი აღმოჩნდა.  ინვესტორებმა სხვა ჩინური კომპანიების აქციების გაყიდვაც დაიწყეს, მათ შორის ისეთი ჩინური ინტერნეტ გიგანტებისაც, როგორებიც არიან: „JD.com“ (JD), „Alibaba“ (BABA) და „Baidu“ (BIDU) და ამ სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს  2008 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა იყო 1 დღის ჭრილში.  ამერიკულ ბირჟებზე დალისტული კომპნაიების აქციების „ETF”-ი „The Invesco Golden Dragon China Portfolio ETF“- ერთი დღის განმავლობაში 10%-ით შემცირდა.

 

კალენდარი:

მიმდინარე კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ინვესტორების ყურადღება მიქცეული იქნება ფედერალური რეზერვის შეხცედრაზე, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. „FED”-ის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. მოსალოდნელი რომ, მოხდება საპროცენტო განაკვეთების 0.25%-იდან 0.5%-ამდე გაზრდა. 

 

მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

ორშაბათი, 14 მარტი: Vail Resorts (MTN).

სამშაბათი, 15 მარტი: Caleres (CAL) და SentinelOne Inc (S).

ოთხშაბათი, 16 მარტი: Jabil (JBL), Lennar (LEN), Williams-Sonoma (WSM) და ZTO Express (ZTO).

ხუთშაბათი, 17 მარტი: Dollar General (DG), FedEx (FDX), GameStop (GME), Accenture Plc (ACN) და Hut 8 Mining Corp (HUT).

პარასკევი, 18 მარტი: On Holding (ONON).
 

Type
Blog
Thumbnail
error