ამერიკულ ბირჟებზე აქციების ფასის ვარდნა წინა კვირაშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა რომ, ამერიკაში ძალიან კარგი დასაქმების სტატისტიკა გამოცხადდა (თებერვალში ამერიკაში 678,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როდესაც ეკონომისტების მოლოდინი მხოლოდ 400,000 იყო). ინვესტორები ნეგატიურად არიან განწყობილნი იმ ფაქტის მიმართ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა უფრო მეტად გაუარესდეს და არსებულზე ძლიერი გავლენა მოახდინოს მსოფლიო ბირჟებზე. მას შემდეგ რაც ამერიკაში აქტიურად დაიწყეს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვების დაწესების განხილვა, ნავთობის ფასმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია, ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება გარკვეულ მომენტში $130-საც კი გადასცდა. ოქროს ფასი $2,000 -ამდე გაიზარდა. „Dow Jones“-ისა და „S&P 500“-ის ინდექსები წინა კვირაში დაახლოებით 1.3%-ით შემცირდა, ხოლო „Nasdaq“-ის ინდექსი 2.8%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- რუსეთმა „Facebook”-ი დაბლოკა: რუსეთის კომუნიკაციების სექტორის რეგულატორმა წინა კვირაში გამოაცხადა, რომ ისინი „Facebook”-ს ბლოკავენ საკუთარ ქვეყანაში. სოციალური ქსელის დაბლოკვის მიზეზად რეგულატორმა „Facebook”-ის მიერ რუსული მედიის მიმართ დაწესებული შეზღუდვები დაასახელა. პასუხად კომპანიამ საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ მათი მხრიდანაც საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების შემოღება, ისეთი როგორიცაა რუსეთში რეკლამების შეჩერება, თუმცა “Meta”-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ასევე გააკეთეს განცხადება, რომ კომპანია შეეცდება ყველაფერი გააკეთოს, რომ საკუთარი სერვისები აღადგინოს რუსეთში. „Meta”-ს რუსეთში დაახლოებით 122 მილიონი მომხმარებელი ყავს, რომლებიც მათ სერვისებს იყენებს ( “Facebook”, „Messenger”, “Whatsapp” და „Instagram”) და რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესება შესაძლოა კომპანიისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიების სერვისებიც ნელ-ნელა იზღუდება: წინა კვირაში რუსეთში დაიბლოკა „Twitter”-იც, ხოლო კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ „TikTok”-ი საკუთარ მომხარებლებს რუსეთში ახალი კონტენტის გაზიარების საშუალებას შეუზღუდავს.
- „Ford”-ი საკუთარ ბიზნესს ორ ნაწილად გაყოფს: „Ford Motor“-მა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ საკუთარი ოპერაციების რეორგანიზაციას მოახდენენ და ტრადიციული ბიზნესისა (შიდაწვის ძრავიანი მანქანები) და ელექტრო მანქანების მიმართულებას ერთმანეთისგან განაცალკევებენ. კომპანიის მოლოდინით, ეს გადაწყვეტილება, მათ საშუალებას მისცემს, რომ ელექტრომანქანების წარმოების მიმართულება უფრო ეფექტური და მომგებიანი გახადეს. კომპანიამ დაანონსა, რომ „EV” მიმართულებით 2026 წლამდე დამატებით $50 მილიარდის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. მიმდინარე წელს კომპანია ამ მიმართულებით $5 მილიარდს დახარჯავს, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ უფრო მეტია. „Ford”-ის გენერალური დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, მათი ახალი ელექტრო ავტომობილების ბიზნესი ინვესტორებისთვის ისეთივე მიმზიდველი იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი EV კონკურენტი ამ სფეროში და ასევე ახსენა, რომ მათი გამოცდილება და რესურსები სხვა EV სტარტაპებთან შედარებით მათ დიდ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს. ელექტრო მანქანების ბიზნესს “Ford Model e” დაექრმევა, ხოლო ტრადიციულ ბიზნესს “Ford Blue”. კომპანიის განცხადებით, ორივე მიმართულება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშავებს, თუმცა მოხდება ერთმანეთში ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარება. შესაბამისად, მათი მანქანების ხარისხი და ბიზნეს ოპერაციები გაუმჯობესდება. ამ სიახლის გამოცხადებისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასევე ახსენა, რომ „Ford”-ს სურს 2026 წლამდე მათ მიერ გამოშვებული ელექტრო მანქანების ოდენობა 2 მილიონამდე გაზარდოს.
- საცალო გაყიდვების კომპანიებმა კარგი შედეგები გამოაქვეყნეს: წინა კვირის განმავლობაში ბევრმა „retail” კომპანიამ გამოაქვეყნა საკუთარი კვარტალური შედეგები და მოლოდინები 2022 წელთან დაკავშირებით. მათ შორის რამდენიმე კომპანიამ მიიპყრო ყველაზე მეტად ინვესტორების ყურადღება. „Kroger“-ის გაყიდვები მეოთხე კვარტალში 2019 წელთან შედარებით 14.6%-ით გაიზარდა, და კომპანისს მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2022 წლის განმავლობაშიც შეძლებენ საკმაოდ ძლიერი ზრდის ტემპის შენარჩუნებას. კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას კომპანიის დირექტორმა როდნი მაკმიულენმა თქვა, რომ ისინი ლიდერები არიან საცალო გაყიდვებში ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ყვავილების გაყიდვებშიც და ახსენა ის ფაქტი, რომ მხოლოდ ვალენტინობის დღეს მათ 76 მილიონი ყვავილი გაყიდეს. ეს ინფორმაცია ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და წინა კვირის განმავლობაში „Kroger”-ის აქციების ფასი 25%-ზე მეტით გაიზარდა. საინტერესო იყო „Target“-ის კვარტალური შედეგების პრეზენტაციაც. კომპანიამ ინფლაციის მიუხედავად შეძლო რომ გაეზარდა საკუთარი მომგებიანობა. “Target”-ის გაყიდვები 9% გაიზარდა წინა წელთან შედარებით, და პირველად კომპანიის ისტორიაში მათი შემოსავლები 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. „Target”-ის აქციების ფასი წინა კვირაში 12%-ით გაიზარდა. საინტერესო იყო „Best Buy”-ის აქციების ზრდაც. კომპანიას არც თუ ისე კარგი შედეგები ქონდა წინა კვარტალში, გაყიდვები ანალიტიკოსების მოლოდინზე უფრო დაბალი იყო, თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა პოზიტიური მოლოდინები გააჟღერა მიმდინარე წელთან დაკავშირებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა რომ აქციების ფასი კვირის განმავლობაში 10%-ზე მეტით გაზრდილიყო.
“S&P 500”-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში:
- ენერგეტიკის სექტორი + 9.25% (ETF: XLE)
- კომუნალურების სექტორი + 4.77% (ETF: XLU)
- უძრავი ქონების სექტორი + 1.71% (ETF: XLRE)
ამ კვირაში კვარტალურ შედეგებს გამოაცხადებენ:
სამშაბათი, 8 მარტი: Dick's Sporting Goods (DKS), MongoDB (MDB), Petco Health and Wellness (WOOF), Bumble Inc (BMBL), Casey's General Stores (CASY) დაStitch Fix (SFIX).
ოთხშაბათი, 9 მარტი: Asana Inc (ASAN), United Natural Foods (UNFI), REV GRoup (REVG) და Crowdstrike (CRWD).
ხუთშაბათი, 10 მარტი: JD.com (JD), Oracle (ORCL), Docusign (DOCU) და Rivian Automotive (RIVN).