საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 02/28/2022 - 16:55

წინა კვირა ამერიკული ბირჟებისთვის  საკმაოდ მერყევი აღმოჩნდა. უკრაინაში წამოჭრილი სამხედრო აგრესიის ფონზე, აშშ-ს საფონდო ბირჟებზე საკმაოდ მაღალი იყო ვოლატილობა. კვირის დასაწყისში ძირითადი ამერიკული ინდექსები დავარდა, თუმცა ხუთშაბათს, როცა რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყო, საფონდო ბირჟებზე აქტივობა გაიზარდა და კვირის განმავლობაში დავარდნილი აქციების ფასები გაიზარდა. კერძოდ:  “S&P 500”-ის ინდექსი 5.5%-იანი ვარდნის შემდეგ კვირის განმავლობაში 0.8%-ით გაიზარდა. NASDAQ-ს კიდევ უფრო ძლიერი რყევები ჰქონდა და კვირის დასაწყისში 7%-იანი ვარდნის შემდეგ კვირის დანაკარგების კორექტირება მოხდა და კვირა 1.1%-იანი ზრდით დასრულდა. ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 5.3%-იანი ვარდნის შემდეგ კვირის საწყის ნიშნულს დაუბრუნდა. ანალიტიკოსების აზრით, ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ინდექსების ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: ომის დაწყებამდე საკმაოდ მაღალი იყო ნეგატიური მოლოდინები ინვესტორებს შორის, თუმცა უშუალოდ ომის დაწყებამ ინვესტორების ნაწილისთვის ბუნდოვანი მოლოდინები გააქარწყლა, ამასთან დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციები არ შეეხო რუსულ გაზსა და ნავთობს, ხოლო პარასკევის მდგომარეობით არ იყო გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან დაბლოკვის შესახებ. ანალიტიკოსების ნაწილი კი თვლის რომ ომის გამოცხადებამდე ბირჟები იმაზე მეტად დავარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო და შემდეგ კი მოხდა ამ ვარდნის კორექტირება, ამ პერიოდში გაიზარდა იმ ინვესტორების რიცხვი, რომლებიც აქციებს დაბალ ნიშნულზე ყიდულობენ -  ‘Buy the dip’, რამაც აქციების ფასების ზრდას შეუწყო ხელი. ომის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ფასები, ბრენტის ტიპი ნედლი ნავთობის ფასი წინა კვირას $100-ს გადაცდა. 


წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მსოფლიოში თავდაცვის სექტორის აქციები იზრდება: რუსეთ უკრაინის კონფლიქტი ამჟამად მთელი მსოფლიოს ინვესტორების ყურადღების ცენტრშია. ამ ფონზე ინვესტორების ნაწილი ფსონს თავდაცვის სექტორზე დებს და მოელიან რომ მომავალში გაიზრდება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების ბიუჯეტი და დაფინანსება და შესაბამისად ამ სექტორის აქციების ფასებიც. სახელმწიფო კონტრაქტორების  „Lockheed Martin“-ისა (LMT) და „Northrop Grumman“-ის (NOC) აქციების ფასმა უკვე დააფიქსირა პარასკევს დაახლოებით 4%-იანი ზრდა.  “The iShares U.S. Aerospace & Defense ETF”-ი (ITA) არის ამ სფეროს აქციების კალათა და პარასკევს ეს “ETF”-იც 3%-ზე მეტით არის გაზრდილი. 
  • განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიის აქციები ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა:  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის სექტორში არსებული კომპანიების აქციები განსაკუთრებით ძლიერ შედეგებს აჩვენებენ.  ევროპის განახლებადი ენერგიის ინდექსი ხუთშაბათს 10%-ამდე გაიზარდა, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ ამ სექტორისთვის 1 დღის ჭრილში ყველაზე დიდი ზრდაა. „Berenberg“-ის უფროსი ეკონომისტის მოსაზრებით, ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება ის რომ დასავლეთის ქვეყნებს უფრო სწრადაფ მოუწევთ რუსული ნავთობისა და გაზისგან დივერსიფიკაცია  და დიდი რაოდენობით ინვესტიციების განხორციელება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ბირთვული ენერგია, წყალბადი როგორც ენერგიის შენახვის საშუალება და ა.შ. ზოგიერთმა აქციამ ამ სექტორებიდან უკვე აჩვენა ძალიან კარგი შედეგები ბოლო დღეების განმავლობაში: მზის ენერგიის კომპანია “Sunrun”-ი (RUN) ბოლო ორ დღეში 23%-ით გაიზარდა. საკმაოდ დიდი ზრდა დააფიქსირეს „Sunnova Energy International“-მა (NOVA), „Sunlight Financial“-მა (SUNL) და „NextEra Energy“-იმ (NEE), რომლებიც ასევე მზის ენერგიის ინდუსტრიაში საქმიანობენ. უნდა ავღნიშნოთ რომ, ამერიკაში ლიკვიდური გაზის (LNG) მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია  „Cheniere Energy“-ის (LNG) აქციების ფასი ხუთშაბათსა და პარასკევს 11%-ზე მეთით გაიზარდა.  ინვესტორებს, რომლებსაც მთლიანად განახლებადი ენერგიის სექტორში ინვესტიციების განხორციელება სურთ, შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ფინანსური ინსტრუმენტი, როგორიც არის: „iShares Global Clean Energy ETF“ (ICLN), რომელიც განახლებადი ენერგიის კომპანიებს აერთიანებს და რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობასი უკვე 5.54%-ით გაიზარდა.
  • მოსალოდნელი კიბერთავდასხმების გამო კიბერუსაფრთხოების აქციები იზრდება:  რაც უფრო მეტად ხდება არსებული კონფლიქტის ესკალაცია, დასავლეთის სახელმწიფოებისა და კომპანიების წარმომადგენლები უფრო მეტად ნერვიულობენ მოსალოდნელი კიბერ თავდასხებზე, შედეგად უკვე ვხედავთ ბევრი კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიების აქციების ფასის ზრდას: ხუთშაბათს „Telos“-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტად გაიზარდა; „Palo Alto Networks“-ისა და „CrowdStrike“-ის აქციები კი 13%-ით; „Wedbush Securities“-ის ანალიტიკოსმა დენ აივსმა წინა კვირაში გააკეთა განცხადება, რომ ისინი უკვე ელოდნენ 2022-ში კიბერუსაბრთხოების სექტორის 20%-იან ზრდას, თუმცა მიმდინარე მოვლენები დამატებით კატალიზატორად შეიძლება იქცეს ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. „ბოლო 48 საათის განმავლობაში ვესაუბრეთ საერთაშორისო კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებს, და მათ შორის იზრდება შიში, რომ კიბერ ომი შესაძლოა ძალიან მალე ახალ ფაზაზე გადავიდეს და რუსეთიდან წამოსული კიბერ თავდასხმები განხორციელდეს დიდ მონაცემთა ბაზებზე და სისტემებზე, რაც თავისთავად გაზრდის კომპანიებისა და სახელმწიფოების ბიუჯეტსა და დანახარჯებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით“ - განაცხადა დენ აივსმა. „Wedbush Securities“-ის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც შესაძლოა ამ პერიოდში მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არიან: „Palo Alto Networks“, „Zscaler“, „Crowdstrike“, „Tenable“, „Varonis“, „Fortinet“, „Telos“, „Mandiant“ და „CyberArk“.  ასევე ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ სფეროთი არიან დაინტერესებულები, შესაძლოა მიმზიდველი იყოს, ისეთი “ETF”, როგორიც არის: „iShares Cybersecurity and Tech ETF (IHAK)“, რომელიც ხუთშაბათიდან უკვე 9%-ზე მეტად არის გაზრდილი.

 

“S&P 500”-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში::

  • ჯანდაცვის სექტორი + 2.71% (ETF: XLV) 
  • უძრავი ქონების სექტორი + 2.7% (ETF: XLRE)
  • კომუნალურების სექტორი + 2.04% (ETF: XLU)


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

ორშაბათი, 28 თებერვალი: HP (HPQ), Workday (WDAY) and Zoom Video (ZM).

სამშაბათი,  1 მარტი: Baidu (BIDU), Target (TGT), SoFi Technologies Inc. (SOFI), AMC Entertainment Holdings (AMC), salesforce.com (CRM), Plug Power Inc. (PLUG) and AutoZone (AZO).

ოთხშაბათი, 2 მარტი: Dollar Tree (DLTR), Paysafe (PSFE), Coupang (CPNG), Snowflake (SNOW), ChargePoint (CHPT),  C3.ai Inc (AI) and American Eagle Outfitters (AEO).

ხუთშაბათი, 3 მარტი: Kroger (KR), Best Buy (BBY), Costco (COST), Broadcom (AVGO), Marvell (MRVL) and Gap (GPS).

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
error