ინდექსებისთვის წინა კვირა არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს კომპანიების მიერ გამოცხადებულმა ძლიერმა კვარტალურმა შედეგებმა და აშშ-ში დასაქმების კარგმა სტატისტიკამ ინვესტორების განწყობები გააუმჯობესა და ინდექსები მწვანე ზონაში დაიხურა. აღსანიშნავია რამდენიმე კომპანია, რომელმაც წინა კვირას საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, „Amazon“-ის აქციების ფასი პარასკევს 13.5%-ით გაიზარდა, კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ასევე დიდი ზრდა ქონდა „Snap“-საც (+58%). ამ სიახლეებმა გადაფარა შედარებით ნეგატიური შედეგები, რომლებიც “Meta Platforms“-მა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც კომპანიის აქციის ფასები ერთ დღეში 26%-ით დავარდა. წინა კვირას ასევე აღსანიშნავია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები, ნედლი ნავთობის ფასები წინა კვირას ისევ გაიზარდა და ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია 93 დოლარს ბარელზე. წინა კვირას ასევე გაიზარდა აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთიც და 1.93%-ს მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები 2022 წელს ფედერალური რეზერვის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოელიან.
წინა კვირის განმავლობაში „Dow Jones“-ის ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა. „S&P 500“-ის ფასი 1.5%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა, ხოლო „Nasdaq“-მა კი 2.4%-იანი ზრდა აჩვენა.
“S&P 500”-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში:
- ენერგეტიკის სექტორი + 4.93% (ETF: XLE წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია +20%-ით)
- მომხმარებლების დისკრეციული სექტორი + 3.94% (ETF: XLY)
- ფინანსური სექტორი + 3.52% (ETF: XLF)
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- „Meta“-ს (FB) აქციების ისტორიული ვარდნა: „Meta Platforms“-ის (FB) აქციები კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ერთ დღეში 26%-ით დაეცა, რაც კომპანიის ღირებულების 251 მილიარდი დოლარით შემცირების ტოლფასია. ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჯამურად აშშ-ს საფონდო ბირჟებზე და „Nasdaq”-ის ინდექსი, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს იმავე დღეს 4%-ით დაეცა. Meta Platforms-ის აქციების ფასის ვარდნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კომპანიამ ვერ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინი აქტიური მომხმარებლების ზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, კომპანიის მენეჯმენტმა გაავრცელა შედარებით პესიმისტური მოლოდინები მიმდინარე კვარტალის შემოსავლებთან დაკავშირებითაც. „Facebook”-ის შემოსავლების უდიდესი ნაწილი რეკლამებიდან მოდის და კომპანიისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა „Apple”-ის მიერ მომხმარებლების ინფორმაციის მონიტორინგის პოლიტიკის ცვლილება. მოსალოდნელია რომ ამ ცვლილებების შედეგად “Meta” მიმდინარე კვარტალში 10 მილიარდი დოლარის შემოსავლებს დაკარგავს. მარკ ცუკერბერგმა ასევე აღიარა რომ საკმაოდ გაზრდილია კონკურენცია სხვა სოციალური ქსელებისგან (TikTok). ამასთან, კომპანია საკმაოდ დიდ მოლოდინებს ამყარებს ვირტუალურ სამყაროზე და „Metaverse”-ში საკუთარ მომავალზე, თუმცა ამჟამად „Facebook”-ისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სარეკლამო ბიზნესია და კიდევ დიდი დრო დაჭირდება რომ ინვესტორები დაარწმუნოს „Metaverse”-ის მნიშვნელობაში.
- კიდევ უფრო მეტი “Big Tech” კომპანიების შედეგები:
o „Google”-ის დედა კომპანია „Alphabet“-მა სამშაბათს საკმაოდ კარგი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, თუმცა კარგი შედეგების გარდა ინვესტორების ყურადღება კომპანიის აქციების დაყოფის (Split) გადაწყვეტილებამ მიიპყრო. აქციის ფასების ზრდის ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა 2022 წლის ივლისში მოახდინოს აქციების 1:20-თან ფარდობით გაყოფა, შედეგად კომპანიის აქციები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება ინვესტორებისთვის. „Alphabet”-ის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 75 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მოლოდინზე 3.5 მილიარდი დოლარით მეტი იყო. შემოსავლების უდიდესი ნაწილი კომპანიამ „Youtube”-ისა და საძიებო სისტემის რეკლამებიდან მიიღო. აქციების ფასი კვირის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა.
o „Amazon“-მა საკუთარი შედეგები ხუთშაბათს ბირჟის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნა და თითქმის ყველა მიმართულებით გადააჭარბა ინვესტორების მოლოდინებს. „AWS cloud“-იდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა, რეკლამის ბიზნესიდან კი 32%-ით. „Amazon“-მა ასევე ძალიან კარგი მოგება მიიღო ელექტრო-მანქანების მწარმოებელ კომპანია Rivian (RIVN)-ში გახორციელებული ინვესტიციიდანაც. კომპანიამ ასევე გამოაცხადა რომ აპირებენ 20 დოლარით გაზარდონ „Prime“-ის სერვისის ფასი, რაც მათ აუნაზღაურებს გაზრდილი ხელფასებისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ „AMZN“-ის ფასი 13.5%-ით გაიზარდა.
• „Spotify“-ი ვაქცინასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა: „Spotify“-ის წინა კვირაში თავდაცვის რეჟიმში გადასვლა მოუწია, მას შემდეგ რაც ძალიან ბევრმა მუსიკოსმა საკუთარი ალბომების პლატფორმიდან წაშლა მოითხოვა. კომპანიის მიმართ ეს ბოიკოტი ჯო როგანის პოპულარი პოდკასტის ერთ-ერთმა ეპიზოდმა გამოიწვია, რომელშიც ექიმი რობერტ მალონი ყავდა მიწვეული. ბევრმა მუსიკოსმა ამ ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ ჯო როგანი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ვაქცინებთან დაკავშირებით და მოითხოვეს, რომ მათი მუსიკა პლატფორმიდან წაეშალათ. კომპანიის მიმართ გამოხატული პროტესტი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა და ბევრი მომხმარებელი საკუთარ პროტესტს #DeleteSpotify -ის დახმარებით გამოხატავს. ამ ყველაფერს თან კომპანიის მენეჯმენტის მიერ კვარტალური შედეგების გამოცხადებისას გაჟღერებული პესიმისტური მოლოდინებიც დაერთო თან და მას შემდეგ რაც მათ გამოაცხადეს რომ შესაძლოა მომხმარებლების ზრდის ტემპი შეუმცირდეთ კომპანიის აქციები ერთი დღის განმავლობაში დაახლოებით 23%-ით დაეცა. პარასკევს აქციების ფასი მცირედით გაიზარდა და კვირის განმავლობაში კომპანიის აქციები მხოლოდ 7.5%-ით შემცირდა.
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:
ორშაბათი, 7 თებერვალი: Tyson Foods (TSN), Hasbro (HAS), Amgen (AMGN), Tenet Healthcare (THC) and Simon Property (SPG).
სამშაბათი, 8 თებერვალი: BP (BP), Centene (CNC), Pfizer (PFE), Sysco (SYY), DuPont (DD), Yum China (YUMC) and Chipotle (CMG).
ოთხშაბათი, 9 თებერვალი: Honda Motor (HMC), CVS Health (CVS), MSG Entertainment (MSGE) and DraftKings (DKNG), PepsiCo (PEP), Disney (DIS), Uber (UBER) and Mattel (MAT).
ხუთშაბათი, 10 თებერვალი: AstraZeneca (AZN), Coca-Cola (KO), Philip Morris International (PM) and Kellogg (K), Zillow (ZG) and Equitable Holdings (EQH).
პარასკევი, 11 თებერვალი: Enbridge (ENB) and Under Armour (UAA).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო