ბაზრის მიმოხილვა:
გასულ კვირას S&P 500 2.5%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის ყველაზე დიდი კვირეული ზრდაა ივნისის თვის შემდეგ. ამის მიზეზი აშშ-ს შრომის ბაზრის შესუსტებაა, რაც სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას მოასწავებს. გაზრდილი უმუშევრობის დონე ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებს დიდი ალბათობით უბიძგებს, რომ საპროცენტო განაკვეთი აღარ გაზარდონ და გარკვეული დროის შემდეგ შეამცირონ. აღსანიშნავია, რომ კვირა განსაკუთრებით წარმატებული იყო ტექნოლოგიური კომპანიების აქციებისთვის.
სიახლეები:
Salesforce – Salesforce-ის აქციების ფასი წინა კვირას 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოლოდინზე უკეთესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.12 იყო, რაც აღემატება $1.9-იან პროგნოზს, ხოლო ჯამურმა შემოსავალმა $8.6 მილიარდი შეადგინა, როცა მოლოდინი $8.53 მილიარდი იყო. 2023 წლის მეორე კვარტალში Salesforce-ის ბრუნვა წლიური 11%-ით გაიზარდა და მოგებამ $1.27 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად გაზრდილი ეკონომიკური რისკებისა, კომპანიას გაყიდვები გაეზარდა პროდუქტის ხუთივე კატეგორიაში, ხოლო მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ზრდის ტენდენცია კიდევ გაგრძელდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. Salesforce-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 64%-ითაა გაზრდილი, რაც საგრძნობლად აღემატება S&P 500-ის 18%-იან ზრდას.
CrowdStrike – კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-მა შესანიშნავი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის მოგება $8.5 მილიონი იყო, რაც $0.74-იან მოგებას ნიშნავს თითო აქციაზე. აღსანიშნავია, რომ Falcon-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა პლატფორმამ კომპანიას $0.5 მილიარდის შემოსავალი მოუტანა, ხოლო შემოსავალი გამომწერებისგან 36%-ით გაიზარდა და $690 მილიონს მიაღწია, რის შედეგადაც მოგების მარჟა 80%-მდე გაიზარდა. CrowdStrike-ის მომხმარებლები ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა Verizon, ADP და Amgen. კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან კი 53%-ით.
კვირის ETF:
First Trust NASDAQ Cybersecurity (CIBR) არის ETF, რომელიც ინვესტორებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ინვესტიცია კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიაში. ამ ETF-ის საინვესტიციო არგუმენტი ისაა, რომ სამყაროს გაციფრულების ფონზე დღითიდღე იზრდება კიბერუსაფრთხოების როლი. სხვა ETF-ების მსგავსად, CIBR-ს აქვს აქციების საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელი. CIBR-ში შემავალი კომპანიები ასრულებენ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ქსელური უსაფრთხოება, ინფორმაციული ბაზების დაცვა და კიბერ საფრთხეების იდენტიფიცირება.