ბაზრის მიმოხილვა:
S&P 500-ის ინდექსმა პარასკევს მცირე მოგება დააფიქსირა, თუმცა კვირა მაინც წითელ ზონაში დახურა, რაც ბოლო ორი თვის ყცელაზე ცუდი შედეგია. ამის მიზეზი უმთავრესად ის იყო, რომ ფედერალური რეზერვის ბევრმა წარმომადგენელმა ისაუბრა განაკვეთების ზრდის მაღალ შესაძლებლობაზე. ამასთანავე, გასულ კვირას ისტორიულ საშუალოზე ნაკლებმა კომპანიამ შეძლო მოლოდინზე უკეთესი კვარტლური შედეგების გამოქვეყნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს 10-წლიან სახაზინო ობლიგაციებზე შემოსავლიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც 30-წლიანი ობლიგაციების აუქციონზე შემცირებული მოთხოვნა შეინიშნა. ამ სიახლეების ფონზე, Dow Jones კვირის განმავლობაში 0.2%-ით დაეცა, S&P 500 1.1%-ით, ხოლო Nasdaq Composite 2.4%-ით.
Disney:
Disney-ს ბრუნვა წლიური 8%-ით, $23.5 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უმთავრესად თემატური პარკების სეგმენტის დამსახურებაა. მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.99 იყო. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები მხოლოდ $23.4 მილიარდიან ბრუნვას და $0.78 EPS-ს ელოდნენ. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ 7,000 ადამიანის დათხოვას აპირებენ. ეს დისნეის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია, რომელმაც კომპანიას $5.5 მილიარდი უნდა დაუზოგოს. ამასთანავე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ იგერმა, დასძინა, რომ დისნეი დივიდენდის გაზრდას აპირებს ახლო მომავალში. ნელსონ პელცმა, რომელიც დისნეის აქტიური ინვესტორია, CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგერი წარწმატებით ახორციელებს კომპანიის რესტრუქტურიზაციას. დისნეის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 20%-ზე მეტითაა გაზრდილი.
Microsoft:
Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს მიაღწია იმის შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ჩაშენებას აპირევს საძიებო სისტემა Bing-ში და ვებ ბრაუზერ Edge-ში. Bing¬-ის ახალი ვერსია უკვე გამოქვეყნებულია ლიმიტირებული ფორმით, თუმცა სრული ვერსია (მათ შორის მობილურისთვის) მალე გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი. ანალიტიკოსი დენ ივესი, რომელსაც დადებითი მოლოდინი აქვს Microsoft-ის აქციაზე და $280-იანი პროგნოზი, ამბობს, რომ კომპანიის მიერ ChatGPT-ს ინტეგრირება ვებ სერვისებში გამოიწვევს მზარდ კონკურენციას ხელოვნური ინტელექტის სამომხმარებლო პროდუქტებში გამოყენებაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ChatGPT-ს დაანონსებასთან ერთად, უამრავი აქციის ფასი გაიზარდა: BuzzFeed 150%-ით, SoundHound AI 200%-ით, C3.ai 100%-ით, ხოლო BigBear.ai 560%-ით.
Aerospace & Defense:
პარასკევს აშშ-მ თავის ჩრდილოეთ საზღვართად ჩამოაგდო ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ამასთანავე, თებერვალში აშშ-ს სამხედროებმა გაანადგურეს მფრინავი ბუშტის ფორმის ობიექტი, რომელიც, როგორც ჩანს, ჩინური სადაზვერვო ინვენტარი იყო. ბოლო დროს, ასევე მოხდა სხვა რამდენიმე მსგავსი ინციდენტი. ამ სიახლეების ფონზე, თავდაცვასთან დაკავშირებული კომპანიების აქციების ფასები გასულ კვირას გაიზარდა: Lockheed Martin 2.65%-ით, Northrop Grumman 3.42%-ით, ხოლო iShares US Aerospace & Defence ETF 1.9%-ით.