გასულ კვირას აქციების ბაზრებზე დადებითი შედეგები დაფიქსირდა, რაც პირველ რიგში განაპირობა მოლოდინზე დაბალმა ინფლაციამ აშშ-ში. ასევე დაიწყო კვარტალური შედეგების გამოქვეყნების სეზონიც. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები წლიურ 7%-იან შემცირებას პროგნოზირებენ S&P 500-ის კომპანიების შემოსავლებზე. წინა კვირას S&P 500 2.4%-ით გაიზარდა, Dow Jones 2.3%-ით, ხოლო Nasdaq-მა 3.3%-ით მოიმატა.
ამერიკული ბანკების კვარტალური შედეგები: მოლოდინზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნეს ისეთმა ცნობილმა ბანკებმა, როგორებიცაა JPMorgan, Citigroup და Wells Fargo. ამის მთავარი მიზეზი იყო ფედერალური რეზრევის მიერ გაზრდილი განაკვეთები. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა სექტორებისგან, ბანკებისთვის გაზრდილი განაკვეთები ხშირად სასარგებლოა, რადგან ეს გაზრდილ საპროცენტო შემოსავლებს ნიშნავს. JPMorgan-ის კვარტალურმა საპროცენტო შემოსავლებმა $21.9 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურ 44%-იან ზრდას გულისხმობს, Wells Fargo-ს და Citigtoup-ის საპორცენტო შემოსავლები კი წლიური 29%-ით და 16%-ით გაიზარდა, შესაბამისად. BlackRock-მა, რომელიც სამყაროს ყველაზე მსხვილი აქტივების მმართველია, შემოსავლების მხრივ კვარტალური 27%-იანი ზრდა აჩვენა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად წარმატებული შედეგებისა, JPMorgan, Citigroup და Wells Fargo ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ მაღალი ინფლაცია შესაძლო უფრო დიდ ხანს დარჩეს ვიდრე ამას ანალიტიკოსები ელოდებიან. თუ ინფლაციის დონე არ შემცირდება სასურველ 2%-მდე, ეს გამოიწვევს გრძელ-ვადიანად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას.
Alphabet: Alphabet-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტის, Bard-ის, სხვა ქვეყნებში ამუშავებას და ასევე მისთვის ახალი ფუნქციების დამატებას. Bard-ი ახლა უკვე 40 ენაზე ოპერირებს, მათ შორის არაბულად, ჩინურად და ესპანურად. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დაიმახსოვრონ ჩატბოტთან მიმოწერა და მოუსმინონ პასუხებს აუდიო ფორმატში. Bard-ი და მისი ალტერნატივები ეტაპობრივად გეგმავენ ტრადიციული საძიებო სისტემების ჩანაცვლებას, თუმცა ამას თან ახლავს რისკებიც. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემებს ბევრი აკრიტიკებს შესაძლო დეზინფორმაციის გამო. შესაბამისად, პროდუქტის ხარისხის განვითარება კრიტიკული ფაქტორია მსგავსი ჩატბოტების სამომავლო წარმატებაში.
UnitedHealth Group: UnitedHealth-მა მოლოდინზე უკეთესი შედეგები გამოქვეყნა, როგორც შემოსავლების, ისევე გაყიდვების მხრივ. კომპანიის მოგება $5.47 მილიარდი იყო, ხოლო გაყიდვები კი $92.9 მილიარდი, რაც 16%-იან ზრდას გულისხმობს გასული წლიდან. ჰოლდინგის სადაზღვეო მიმართულების გაყიდვები წლიური 13%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის პლატფორმა Optum-ის გაყიდვები კი 25%-ით გაიზარდა. ამ ყველაფრის ფონზე UnitedHealth Group-მა გააუმჯობესა 2023 წლის პროგნოზებიც. მნიშნველოვანია ისიც, რომ UnitedHealth Group-ის წარმატებული შედეგები დადებითად მეტყველებს მთლიან აშშ-ს ჯანდაცვის სექტორზე.
კვირის ETF: XLF არის SPDR-ის მიერ შექმნილი ETF, რომელიც პასიურად აბანდებს კაპიტალს აშშ-ს საფინანსო სექტორში. ეს სექტორი შედგება საბანკო, სადაზღვეო და სხვა ფინანსური სერვისების მწარმოებელი კომპანიებისგან. XLF-ში შემავალი კომპანიების მაგალითებია JPMorgan, Bank of America, Wells Fargo, Citigroup და Goldman Sachs. XLF-ის მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ კაპიტალი დააბანდონ მთლიან საფინანსო სექტორში, რასაც დივერსიფიკაციის სარგებელი აქვს.