რატომ დაეცა Tesla-ს აქციების ღირებულება - საფონდო ბირჟის მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 04/27/2023 - 14:55

ბაზრები:
გასული კვირა აქციების ბაზრებზე დიდი ცვლილებებით არ გამოირჩეოდა. ამის მიზეზი კი  იყო ის, რომ საკმაოდ არაერთგვაროვანი სიახლეები გამოქვეყნდა, როგორც კომპანიების კვარტალურ შედეგებთან, ასევე აშშ-ს ეკონომიკასთან დაკავშირებით. კვირის განმავლობაში, Dow Jones 0.3%-ით შემცირდა, S&P 500-მა 0.1% დაკარგა, ხოლო Nasdaq კი 0.4%-ით დაეცა. მიმდინარე კვირაში ისეთი დიდი კომპანიები გამოაქვეყნებენ შედეგებს, როგორიცაა Microsoft, Amazon, Alphabet და ა.შ.

 

Tesla: 
კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Tesla-ს აქციების ფასი გასულ კვირას 11%-ზე მეტით შემცირდა. 
Tesla-ს მთავარი სეგმენტის, ავტომობილების გაყიდვები წლიურად  18%-ითაა გაზრდილი და $19.96 მილიარდს მიაღწია. საინტერესოა ისიც, რომ Tesla Energy-ს გაყიდვები შთამბეჭდავი148%-ითაა გაზრდილი და უკვე $1.53 მილიარდს შეადგენს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პროგნოზებზე უკეთესი ბრუნვა ჰქონდა, მოგება გასული წელთან შედარებით 24%-ითაა შემცირებული და მხოლოდ $2.51 მილიარდია. კომპანიის CEO-მ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ არსებული გლობალური ეკონომიკური კლიმატი სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს Tesla-ს სამომავლო ფინანსურ შედეგებზე. მისი თქმით, ასეთ დროს მომხმარებლები ნაკლებად ყიდულობენ ისეთ ძვირადღირებულ პროდუქტებს, როგორიც ავტომობილია. მასკმა ასევე თქვა, რომ კომპანია გაყიდვების მოცულობის გაზრდაზე უფრო იქნება კონცენტრირებული, ვიდრე მოგების მარჟებზე. ბოლოს კი მან ასევე დასძინა, რომ Tesla უკვე აწარმოებს Cybertruck-ის „ალფა ვერსიას“, რომელთა მიწოდებაც 2023-ის მესამე კვარტალში დაიწყება. 2023-ში კომპანია გეგმავს 1.8 მილიონი ავტომობილის წარმოებას, თუმცა ამ რიცხვმა შეიძლება მეტს, 2 მილიონსაც მიაღწიოს. მიუხედავად გასული კვირის ვარდნისა, Tesla-ს აქციები წლის დასაწყისიდან 52%-ითაა გაზრდილი.

 

Netflix:
Netflix-ის ბოლო კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიის გამომწერთა რაოდენობა 1.75 მილიონითაა გაზრდილი, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე უკეთესი მაჩვენებელია. კომპანიის მოგება $1.31 მილიარდი იყო, ხოლო ბრუნვა კი $8.16 მილიარდი, რაც ახლო თანხვედრაშია ანალიტიკოსების პროგნოზებთან. მიუხედავად ამისა, კომპანიის EPS (მოგება თითო აქციაზე) მოლოდინზე ნაკლები, $2.84 აღმოჩნდა, რამაც გასულ კვირას Netflix-ის აქციების 3.2%-იანი გაუფასურება გამოიწვია.
Netflix-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გაატარა მას შემდეგ, რაც 2022 წელს საკმაოდ წარუმატებელი შედეგები აჩვენა. კომპანიამ უკვე წარადგინა სერვისის ახალი, დაბალ-ფასიანი ვერსია, რომელიც პლატფორმაზე რეკლამების  ჩაშენებას გულისხმობს. ამასთანავე, კომპანია უფრო ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებლებს  პაროლების გაზიარების ნაცვლად  თვითონ მოუწიოთ სერვისის შეძენა. Bank of America პროგნოზირებს, რომ ეს ცვლილება Netflix-ის მოგებას წლიური $1.5 მილიარდით გაზრდის.
მიუხედავად არც თუ ისე წარმატებული კვარტალური შედეგებისა, Netflix-ის აქციები 2023 წელს 11%-ზე მეტითაა გაზრდილი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2022-ის პიკიდან აქციების ფასი ჯერ კიდევ განახევრებულია.

 

Apple: 
Apple-მა ოფიციალურად გახსნა პირველი მაღაზია ინდოეთში, რასაც დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს კომპანიის სამომავლო ფინანსურ შედეგებზე. ეს კომპანიამ მას შემდეგ შეძლო, რაც წლების განმავლობაში ცდილობდა დაეკმაყოფილებინა ადგილობრივი რეგულატორების მოთხოვნები, მაგალითად ის, რომ წარმოების გარკვეული ნაწილი ინდოეთში ყოფილიყო. Apple-ის მთავარი სამიზნე აუდიტორია ინდოეთის საშუალო კლასია, რომლის ზომაც სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანია პროგნოზირებს, რომ გაყიდვების ჯამური ოდენობა ინდოეთში 2032 წელს წლიურ $30 მილიარდს მიაღწევს, რაც საკმაოდ დიდი ზრდაა ამჟამინდელი $6 მილიარდიდან. დღეს Apple-ის წილი ინდოეთის სმარტფონების ბაზარზე საკმაოდ მცირე, 4%-ია, რადგან მოთხოვნა მეტად ჭარბობს დაბალი სეგმენტის ტექნიკაზე, რომელსაც ძირითადად ჩინეთში და სამხრეთ კორეაში აწარმოებენ.

 

კვირის ETF:
SCHD არის ETF, რომელიც ამერიკული ბანკი Charles Schwab-ის მიერაა შექმნილი და Dow Jones U.S. Dividend 100-ის ინდექსს მიჰყვება. ეს ფონდი ძირითადად შედგება დიდი ზომის, მაღალ-დივიდენდიანი აქციებისგან. ფონდის სტრატეგია გულისხმობს ისეთ კომპანიებში ინვესტირებას, რომლებიც სტაბილურად იხდიან დივიდენდს და გამოირჩევიან ძლიერი და სანდო ფინანსური მაჩვენებლებით. SCHD-ის ETF-ის დივიდენდის უკუგება დაახლოებით 3.6%-ია, ხოლო დივიდენდების ზრდის საშუალო წლიური ტემპი 11%-ზე მეტია
 

Type
Blog
Thumbnail
a