გასულ კვირაში აქციების ფასები დიდი მერყეობით ხასათდებოდა. აშშ-ში გამოქვეყნდა მოლოდინზე უარესი მაკროეკონომიკური მონაცემები, რომლებიც შენელებულ ეკონომიკურ აქტივობაზე მიანიშნებენ (მაგალითად მომსახურების და მრეწველობის PMI-ები). აღსანიშნავია, რომ ამჟამად ინვესტორები ღელავენ შესაძლო რეცესიაზე, ისევე როგორც გასულ წელს ფედერალური რეზერვის მონეტარულ პოლიტიკაზე . გასული კვირის სიახლეების ფონზე მცირე და საშუალო ზომის კომპანიების აქციები გაუფასურდა, ხოლო დიდი საბაზრო კაპიტალიზაციის აქციები ძირითადად გაიზარდა, რაც გადაითარგმნა კვირის განმავლობაში Dow Jones-ის 0.6%-ით ზრდაში და S&P-ის და Nasdaq-ის მცირე ვარდნაში.
OPEC+ ნავთობის წარმოებას ამცირებს: ნავთობის ფასი $81-ს გადასცდა მას შემდეგ, რაც OPEC+ სახელმწიფოებმა წარმოების შემცირების მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მთავარი ინიციატორი საუდის არაბეთი იყო და ამ გადაწყვეტილების შედეგად დღიურად წარმოება 1.2 მილიონი ბარელით შემცირდება. ეს ნაბიჯი მოახდენს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების ეფექტის კომპენსაციას და დაეხმარება ნავთობის ფასის ზრდას. ამ სიახლემ ხელი შეუწყო ენერგო კომპანიების აქციებსაც ზრდასაც: S&P 500-ის ენერგეტიკის სექტორის ETF-ის (XLE) ფასი გასულ კვირას 3%-ით გაიზარდა, ხოლო Exxon Mobil-ის აქციის ფასი კი 5%-ით.
Tesla: Tesla-ს აქციები ორშაბათს 6%-ით გაუფასურდა, მას შემდეგ რაც კომპანიის ფინანსური შედეგების ფონზე ინვესტორებმა მიიჩნიეს, რომ გაყიდვების გასაზრდელად Tesla-ს კიდევ მოუწევს ფასების შემცირება. გასულ კვარტალში Tesla-მ 422,875 ელექტრო მანქანა გაყიდა, ხოლო 440,808 აწარმოა. ეს რეკორდული რიცხვები წარმოადგენს 4%-იან წლიურ ზრდას გაყიდვებში, მას შემდეგ რაც კომპანიამ ავტომობილების ფასები შეამცირა როგორც აშშ-ში, ისევე ევროპაში და ჩინეთში. ფასების შემცირების სტრატეგიულ გადაწყვეტილებას ანალიტიკოსი ტონი საკონაგი აფასებს როგორც კომპანიის კონკურენტული უპირატესობის გამოვლინებას. მისი თქმით, Tesla-ს კონკურენტებთან შედარებით დაბალი ხარჯები აქვს, რაც აძლევს შესაძლებლობას უფრო კონკურენტუნარიანი ფასი დაადოს პროდუქტს და ამით დამატებითი ბაზრის წილი აითვისოს. Tesla-ს მენეჯმენტი ელოდება, რომ 2023 წელს 1.8 მილიონ მანქანას აწარმოებს და დაახლოებით იგივე რაოდენობას გაყიდის. მენეჯმენტი ასევე თვლის, რომ გაყიდვები წლიური 50%-იანი ტემპით გაიზრდება შემდეგი წლების განმავლობაში, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა.
Google Chat AI: მას შემდეგ, რაც Microsoft-მა წარმატებით გაუშვა ChatGPT, Alphabet-ის CEO-მ, სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Google-ის საძიებო სისტემაშიც ჩაშენდება, სახელად კი Bard ერქმევა. აღსანიშნავია, რომ პიჩაიმ არ დააკონკრეტა Google-ის ამ ახალი ფუნქციის ამოქმედების თარიღი, თუმცა აღნიშნა, რომ ჩატბოტი სხვა სამუშაო პროგრამებში იქნება ინტეგრირებული (მაგალითად, Gmail-ში). ამ სიახლის ფონზე, Alphabet-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა.