Netflix:
მიუხედავად იმისა, რომ Netflix-ის მოგება თითო აქციაზე (EPS) 2022 წლის მეოთხე კვარტალში მოლოდინზე საგრძნობლად ნაკლები აღმოჩნდა, კომპანიის აქციების ფასი გასული კვირის პარასკევს 8.5%-ით გაიზარდა. ამის მთავარი განამპირობებელი იყო დიდი რაოდენობით მოზიდული ახალი კლიენტები, რომლეთა რიცხვმაც 4.57 მილიონიან მოლოდინზე 70%-ით მეტი, 7.66 მილიონი შეადგინა. ამასთანავე, კომპანიის ბრუნვა მოლოდინის თანახმად, $7.85 მილიარდი იყო. მნიშნველოვანია ისიც, რომ დაბალი EPS-ის ($0.12 ნაცლად პროგნოზირებული $0.40-სა) მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ ევროში დენომინირებული ობლიგაციები და დოლარი ევროსთან მიმართებაში გაუფასურებაა. ეს წარმოადგენს ზარალს ფინანსური აქტივობებიდან და არა ოპერაციის ნაწილში, სადაც მოგების მარჟა მყარად იდგა 7.0%-ზე.
Google:
პარასკევს Alphabet-მა გამოაცხადა, რომ 12,000 მომსახურე პერსონალის გათავისუფლებას აპირებს რთული ეკონომიკური ფონის საპასუხოდ. ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 5.0%-ით გაიზარდა, რადგან ნაკლები ხარჯი კომპანიისთვის გაზრდილ მომგებიანობაში გადაითარგმნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ Alphabet არ არის პირველი კომპანია, რომელმაც თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვა გადაწყვიტა. 2023 წლის იანვარში უკვე 46,000 ადამიანია გათავისუფლებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებიდან. ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი Microsoft-ის მიერ 10,000 ადამიანის დათხოვა იყო. ეს ტენდენცია განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანი 2022 წლისთვის ეს რიცხვი 107,000-ზე იდგა.
US Macro:
გასულ კვირას ორი ძალიან მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკული სტატისტიკა გამოქვეყნდა აშშ-ში. პირველი იყო საცალო გაყიდვების ზრდა, რომელიც დიდწილად ასახავს ჯამურ სამომხმარებლო ხარჯვას ეკონომიკაში. საცალო გაყიდვები მოლოდინზე მეტად, თვიური 1.1%-ით შემცირდა, როცა პროგნოზი მხოლოდ 0.8%-იანი ვარდნა იყო. მეორე სტატისტიკა ინდუსტრიული წარმოების ინდექსს ეხება, რომელიც ეკონომიკაში მიწოდების მხარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ინდიკატორია. ინდუსტრიული წარმოების ინდექსი ასევე მოლოდინზე მეტად, თვიური -0.7%-ით შემცირდა, როცა პროგნოზი მხოლოდ -0.1% იყო. დეკემბერი ზედიზედ მესამე თვე იყო როცა ინდექსმა ვარდნა განიცადა.
ხაზგასასმელია, რომ ასეთი უარყოფითი სიახლეები მომდევნო თვეების განმავლობაში გასაკვირი არ უნდა იყოს ინვესტორებისთვის. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფედერალური რეზერვის მიერ თავისთავად გულისხმობს, რომ ინფლაციის შესამცირებლად საჭიროა კომპრომისის გაკეთება ეკონომიკურ აქტივობაზე, როგორ მიწოდების ისევე მოთხოვნის მხარეს.
საბოლოო ჯამში, ზოგადი მოლოდინები აშშ-ს ეკონომიკაზე უარყოფითია, თუმცა ზუსტი სიმძაფრე და ფორმა ეკონომიკური ზიანის რთული განსაჭვრეტია. იმედია ამ კვირაში გამოქვეყნებული კვარტლური შედეგები და მაკროეკონომიკული სიახლეები (აშშ-შ მშპ და ინფლაციის მაჩვენებელი) ღირებულ ინფორმაციას გადმოსცემს ეკონომიკის ამჟამინდელ და სამომავლოდ მოსალოდნელ კონდიციაზე.