Exxon Mobil-ი Pioneer Natural Resources-ის შეერთებას გეგმავს

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 10/12/2023 - 15:43

აშშ-ს აქციების ბაზრების ინდექსები კვირის განმავლობაში თავდაპირველად შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს დასაქმების სტატისტიკა მოლოდინზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სექტემბერში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა 336,000 იყო, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ წლის იანვრის შემდეგ. მიუხედავად თავდაპირველი ვარდნისა, აქციების ინდექსებმა მცირედი ზრდა დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მოლოდინზე უფრო სუსტი ზრდა საშუალო ანაზღაურებაში. აშშ-ს 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციების ამონაგები 20 საბაზისო პუნქტით, 4.78%-მდე გაიზარდა, ხოლო 30 წლიანი ობლიგაციის კი 24 საბაზისო პუნქტით, 4.94%-მდე. კვირის განმავლობაში S&P 500 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq Composite-მა 1.6%-ით მოიმატა.


Exxon Mobil-ი Pioneer Natural Resources-ის შეერთებას გეგმავს: Pioneer Natural Resources (PXD) 10.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც გავრცელდა სიახლე, რომ Exxon Mobil-ი კომპანიის შესყიდვას $60 მილიარდად აპირებს. თუ შეთანხმება შედგება ეს Exxon Mobil-ის ყველაზე დიდი გარიგება იქნება მას შემდეგ, რაც 1999 წელს Mobil Oil-ი შეისყიდა $81 მილიარდად. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება Exxon Mobil-ს შესაძლებლობას მისცემს Permian Basin-ში დაიწყოს ნავთობის მოპოვება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ სიახლის ფონზე, Exxon Mobil-ის აქციების ფასი პარასკევს 1.7%-ით შემცირდა. 


Coca-Cola და PepsiCo: წონის კლების მედიკამენტების მზარდი მოხმარების კვალობაზე მცირდება მოთხოვნა მაღალ-კალორიულ პროდუქტებზე. ასეთი მედიკამენტების მაგალითებია Novo Nordisk-ის Ozempic და Eli Lilly-ს Mounjaro. მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, გასულ კვირას Coca-Cola-ს (KO) და PepsiCo-ს (PEP) აქციების ფასები 5.0%-ით და 5.3%-ით შემცირდა შესაბამისად. Morgan Stanley-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის კლების ტენდენცია მაღალ-კალორიულ საკვებზე გაგრძელდება და დიდ ძვრებს გამოიწვევს საკვების და სასმლის ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ Novo Nordisk-ის და Eli Lilly-ს აქციების ფასები წლის დასაწყისიდან 37%-ით და 54%-ით არის გაზრდილი შესაბამისად.


Rivian Automotive-მა მოლოდინზე უარესი პროგნოზები გამოაქვეყნა: ოთხშაბათს Rivian Automotive-მა ანალიტიკოსების მოლოდინზე უარესი პროგნოზები გამოაქვეყნა სამომავლო გაყიდვებზე. ამასთანავე, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვებენ $1.5 მილიარდის ოდენობის კონვერტირებად ფასიან ქაღალდებს (ობლიგაციებს, რომელთა აქციებად გადაქცევაც იქნება შესაძლებელი). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მე-2 კვარტალში კომპანია საშუალოდ $33,000-ს აგებდა თითო გაყიდულ ავტომობილზე. კვირის განმავლობაში Rivian-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტით გაუფასურდა, ხოლო 2021 წლის შემდეგ კი 70%-ზე მეტითაა დაცემული.


კვირის ETF:


Vanguard Value ETF (VTV) არის ETF, რომელიც ინვესტორებს სთავაზობს მსხვილი კომპანიების დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს. შინაარსით VTV არის ნაკრები იმ კომპანიებისა, რომლებიც მომხიბვლელ ფასებად ივაჭრება. ამ ETF-ში შედის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Johnson & Johnson (JNJ), Berkshire Hathaway (BRK.A/BRK.B), JPMorgan Chase (JPM) და Exxon Mobil (XOM). VTV-ში შემავალი კომპანიები ძირითადად ოპერირებენ ჯანდაცვის, საფინანსო, და ენერგეტიკის სექტორებში.

Type
Blog
Thumbnail
pepsico