აქციების ფასები პარასკევს გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო ინდექსებს, რომ წინა კვირის განმავლობაში ნოემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა დაეფიქსირებინათ. აქციების ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო დიდი საერთაშორისო ბანკების მიერ გამოქვეყნებული კარგი კვარტალური შედეგები. ყველა ბანკი, რომელმაც შედეგები გამოაქვეყნა, მათ შორის Bank of America, Citigroup, J.P. Morgan და Wells Fargo, პარასკევს გაიზარდა. კვირის განმავლობაში Dow Jones-ის ინდექსმა 2%-იანი ზრდა დააფიქსირა, S&P 500-ი 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი კი 4.8%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა.
სიახლეები:
Banks
გასული კვირის პარასკევს აშშ-ს მსხვილმა ბანკებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ფინანსური შედეგები. ბოლო კვარტალში, თითქმის ყველა ბანკმა მოლოდინზე უკეთესი შემოსავლები აჩვენა. JPMorgan, Bank of America, Wells Fargo, BlackRock, Bank of New York Mellon და First Republic Bank-ის მოგება თითო აქციაზე (EPS) ანალიტიკოსების პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა. გამონაკლისი იყო CitiGroup, რომლის EPS-იც $1.2-ის მოლოდინზე ოდნავ მცირე, $1.16 აღმოჩნდა. წარმატებული კვარტალური შედეგები დიდ წილად განაპირობა მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა, რაც ბუნებრივია დადებითად მოქმედებს ბანკების საპროცენტო შემოსავლებზე.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ყველა ხსენებული კომპანიის აქციის ფასი გაიზარდა (მათ შორის Citigroup-ისაც). ამას ხელი შეუწყო გასული კვირის ზოგადი ბაზრის დადებითმა მომენტუმმაც.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკების განახლებული პროგნოზების მიხედვით, შედარებით უარესი ეკონომიკური მოლოდინებია აშშ-ზე. JPMorgan-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მცირე რეცესია ახლა უკვე აშშ-შიც მოსალოდნელია საბაზისო სცენარის მიხედვით. ანალიტიკოსები ასევე თვლიან, რომ უმუშევრობის დონე აშშ-ში 4.9%-ს მიაღწევს. აშშ-ში ამხელა უმუშევრობის დონე (თუ პანდემიის პერიოდს გამოვრიცხავთ) ბოლოს 2015 წელს იყო.
UnitedHealth Group
გასული კვირის ბოლოს ფინანსური შედეგი გამოაქვეყნა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჯანდაცვის კომპანიამ UnitedHealth Group-მაც. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მსგავსად, კომპანიამ მეოთხე კვარტალშიც თითო აქციაზე მოლოდინზე უკეთესი მოგება დააფიქსირა, რომელმაც $5.18 პროგნოზის ნაცვლად $5.34 შეადგინა, რაც წინა წლიდან 25%-იან ზრდას წარმოადგენს. ბრუნვა კი ასევე ორნიშნა ციფრით, წლიური 12%-ით გაიზარდა.
კომპანია ასევე ოდნავ გააუმჯობესა 2023 წლის მოლოდინები. ისინი ახლა $24.4-ის ნაცვლად $24.9 EPS-ს ელოდებიან, $27 მილიარდის ნაცვლად კი $28 მილიარდ საოპერაციო ბრუნვას. ამ შედეგების მიღწევას კომპანიის მენეჯმენტი აპირებს დაბალანსებული ზრდის სტრატეგიით, რომელიც არსებული სერვისების გაუმჯობესების და გაზრდილი ხელმისაწვდომობის შედეგი იქნება.
მიუხედავად დადებითი შედეგებისა, კომპანიის მენეჯმენტის კომენტარები მომავალი წლის მოლოდინებთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, UnitedHealth Group-ის აქციები კვირის განმავლობაში დიდ წილად უცვლელი დარჩა.
Delta Airlines
კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა უმსხვილესმა ავიაკომპანიამაც, Delta Airlines-მა. სხვა კომპანიების მსგავსად, ავიაკომპანიის შედეგებიც მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა, როგორ შემოსავლებში ისევე ბრუნვაში. კომპანიის შემოსავალმა თითო აქციაზე $1.32 პროგნოზის ნაცვლად $1.48 შეადგინა, ხოლო ბრუნვა $12.26 მილიარდის ნაცვლად $13.4 მილიარდი იყო. შედეგად, კომპანიის აქციები კვირის განმავლობაში 6.0%-ით გაიზარდა.