აშშ-ში ინფლაცია კვლავ გაიზარდა - რა მოლოდინები აქვთ ინვესტორებს

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 03/02/2023 - 12:15

გასულ კვირას გამოქვეყნდა ამერიკის ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც მოლოდინზე მეტი, წლიური 4.7% პროცენტი შეადგინა (საშუალო პროგნოზი მხოლოდ 4.3% იყო). აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული მაჩვენებელი (PCE – Personal Consumption Expenditure) ასახავს ფასთა ზრდას ისეთ პროდუქტებში და სერვისებში, რომლებიც ყველაზე უშუალოდ ეხება მომხმარებელს. შესაბამისად, ფედერალური რეზერვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მაჩვენებელს.


პროგნოზზე მაღალმა ინფლაციამ შექმნა მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკა ამერიკაში ან მეტად გამკაცრდება ან უფორ დიდ ხანს გასტანს. ამან, რა საკვირველია, უარყოფითი გავლენა იქონია აქციების ბაზრებზე. S&P 500 კვირის განმავლობაში 2.7%-ით შემცირდა, NASDAQ 100 3.1%-ით, Dow Jones 30 კი 3.0%-ით.


აღსანიშნავია, რომ უარყოფით სიახლეს ყველა სექტორზე თანაბარი გავლენა არ ჰქონია. მაგალითად, ყველაზე ციკლური სექტორები (კომუნიკაციები და სამომხმარებლო ციკლური) 5%-ზე მეტად შემცირდა კვირის განმავლობაში, ხოლო სამომხმარებლო არაციკლური კი მხოლოდ 1.3%-ით. ამ სექტორში შემავალი 10 ყველაზე დიდი კომპანიის აქციების საშუალო ფასის ცვლილება კვირის განმავლობაში 0% იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ არაციკლური სამომხმარებლო სექტორი დაკომპლექტებულია ისეთი კომპანიებით, რომლებიც როგორც წესი სტაბილური მოთხოვნით გამოირჩევიან.


არაციკლური სამომხმარებლო სექტორი შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აწარმოებენ პირველადი მოხმარების პროდუქციას. ესეთი კომპანიების მაგალითებია Walmart, Coca-Cola, PepsiCo და Costco. სექტორის შემადგენელი მთავარი ინდუსტრიები მოიცავს საყოფაცხოვრებო პროდუქციას, დაფასოებულ საკვებს და სასმელს, თამბაქოს, პირადი მოხმარების პროდუქტებს და ამ ყველაფრის საცალო ვაჭრობის ობიექტებს. ამ ინდუსტრიების საქმიანობიდან გამომდინარე, მარტივია იმის გაგება, თუ რატომაა მათში შემავალი კომპანიების აქციები ნაკლებად ვოლატილური და რატომ გამოიყენება ისინი რისკის შესამცირებლად საინვესტიციო პორთფელში.
 

Type
Blog
Thumbnail
a