პარასკევს მცირე პერიოდის განმავლობაში აქციების ვარდნამ ბირჟები, ე.გ „Bear Market”-ში გადაიყვანა, რაც ნიშნავს, რომ S&P 500-ის ინდექსი ისტორიული მაქსიმუმიდან 20%-ზე მეტით იყო შემცირებული. აქციების ფასების ვარდნა საცალო გაყიდვების სფეროს წარმომადგენლების ცუდმა შედეგებმა და რეცესიის გაზრდილმა მოლოდინებმა გამოიწვია. კვირის განმავლობაში Dow Jones-ის ინდექსი 2.9%-ით შემცირდა, რაც ინდექსისთვის ვარდნის მე-8 კვირაა. წინა კვირას S&P 500-ის ინდექსი 3%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსის კლება 3.8% იყო
კვირის საინტერესო ახალი ამბები:
• Target-მა საგანგაშო კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა: კომპანია Target-ის (TGT) აქციების ღირებულება კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ერთ დღეში, 25%-ით დაეცა. 1987 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი დღიური ვარდნა იყო კომპანიის ისტორიაში, შედეგად მისი ღირებულება თითქმის 25 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება განახევრდა და 1.0 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსების მოლოდინებს. მოგების შემცირების მთავარი მიზეზი, გაზრდილი ხარჯები და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები იყო. Target-ისა და Walmart-ის ნეგატიურმა შედეგებმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საცალო გაყიდვების მთლიან სექტორს და შედეგად Costco-ს (COST), Dollar Tree-ისა (DLTR) და Dollar General-ის (DG) აქციების ღირებულება თითქმის 20%-ით შემცირდა კვირის განმავლობაში. „საცალო გაყიდვების სექტორის წარმომადგენლები უკვე ამჩნევენ მომხმარებლის მსყიდველობითი უნარის შემცირების ეფექტებს“ განმარტა პოლ კრისტოფერმა, „Wells Fargo Investment Institute”-ის გლობალური მარკეტის სტრატეგიების უფროსმა, რომელმაც ამ წლის დასასრულსა და 2023 წლის დასაწყისში რეცესია იწინასწარმეტყველა.
• “Hedge fund“-ების მიერ პირველ კვარტალში ნაყიდი ტოპ 10 აქცია: ყოველი კვარტლის ბოლოს, იმ Hedge fund-ების მენეჯერები, რომლებიც $100 მილიონიზე მეტის აქტივებს განაგებენ, ვალდებულნი არიან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პორტფელის შესახებ ინფორმაცია. აქციები, რომლებსაც ფონდები მარტის ბოლოს ფლობდნენ, დღეს გაცილებით დაბალ ფასად ივაჭრება. ეს ინვესტორებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა რომ შესაბამისი კომპანიების დამატება განიხილონ საკუთარ პორტფელში. კომპანია „Seeking alpha“-ს მიხედვით, ყველაზე წარმატებულმა hedge fund-ებმა 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ოდენობით შემდეგი აქციები შეიძინეს: Amazon (AMZN), Microsoft (MSFT), Meta Platforms (FB), Block (SQ), Visa (V), Snowflake (SNOW), Mastercard (MA), Alphabet (GOOG), Tesla (TSLA), Adobe (ADBE), Cloudflare (NET), DexCom (DXCM) და Uber (UBER).
• კომპანია „Apple“-მა დირექტორთა საბჭოს გაფართოებული რეალობის სათვალე წარუდგინა: Apple-მა გასულ კვირას დირექტორთა საბჭოს გაფართოებული რეალობის სათვალის პირველადი ვერსია შესთავაზა, რაც ბლუმბერგის მიხედვით იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქტი მალე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. Apple-მა ბოლო რამდენიმე კვირაში დიდი ნაბიჯები გადადგა შესაბამისი საოპერაციო სისტემის (ROS) - განვითარებაში. წინასწარი ინფორმაციით, გაფართოებული რეალობის სათვალეების დებიუტი შემდეგი რამოდენიმე თვის განმავლობაში შედგება. სათვალე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ელემენტებს აერთიანებს, განიხილება როგორც Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტი, 2015 წელს გამოშვებული Apple Watch-ის შემდეგ.