აქციების ბაზრები:
აქციების ბაზრებისთვის მარტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და სამივე მთავარმა ამერიკულმა ინდექსმა თვე მოგებით დახურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თვის ბოლო კვირა, როცა ერთის მხრივ ჩაცხრა პანიკა Silicon Valley Bank-ის (SVB) გარშემო და მეორეს მხრივ შემცირდა პროგნოზები ფედერალური რეზერვის საბოლოო განაკვეთის დონეზე. ამ ყველაფრის ფონზე, S&P 500 კვირის განმავლობაში 3.5%-ით გაიზარდა, Dow Jones 30 გაიზარდა 3.2%-ით, ხოლო Nasdaq 100 კი 3.5%-ით.
ფინანსური ბაზრების სიახლეები:
Nasdaq 100-ის ტექნოლოგიურ ინდექსს დაუბრუნდა დადებითი მომენტუმი: გასული კვირის ოთხშაბათს ინდექსმა ძლიერი ზრდა დააფიქსირა და დეკემბრის ვარდნის შემდეგ 23%-ით მოიმატა. შესაბამისად, Nasdaq 100 უკვე ოფიციალურად ე.წ. Bull market-ში გადავიდა. ეს პირველ რიგში განაპირობა ვარაუდმა, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთს მკვეთრად აღარ გაზრდით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქციების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაიზარდა მყიდველთა რაოდენობა. ინვესტორებს ეშინიათ პოტენციური მოგების ხელიდან გაშვების: ტექნოლოგიური აქციები საკმაოდ გაუფასურებულია ახლო წარსულის პიკებიდან და ბაზრის აღმასვლასთან ერთად, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება ღირებულებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ Micron Technology-ს (MU) ბოლო დროს გამოქვეყნებულმა წარმატებულმა შედეგებმა დადებითი მოლოდინები შექმნა მთლიან ტექნოლოგიურ სექტორზე.
Alibaba 6 ქვეჯგუფად გაიყოფა: სამშაბათს კომპანიის მენეჯმენტმა გამოაცხადა, რომ Alibaba (BABA) 6 ბიზნეს ერთეულად დაიყოფა, ხოლო თითეული ჯგუფი შეძლებს დამატებითი სახსრების მოზიდვას და საჯარო კომპანიად გადაქცევას. მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კომპანიის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლადაა გადადგმული. ქვეჯგუფები გამოიყოფა შემდეგნაირად:
- Cloud Intelligence Group - ფოკუსირდება ღრუბლოვან სისტემებზე და ხელოვნურ ინტელექტზე
- Taobao Tmall - ფოკუსირდება ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე Taobao და Tmall
- Local Services Group - ფოკუსირდება საკვების მიტანის სერვისზე
- Cainiao Smart Logistics - ფოკუსირდება ლოგისტიკის სერვისებზე
- Global Digital Commerce Group - ფოკუსირდება საერთაშორისო ელექტრონულ კომერციაზე (AliExpress და Lazada)
- Digital Media and Entertainment Group - ფოკუსირდება სტრიმინგ სერვისებზე.
კორპორატიული მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებმა დადებითად შეაფასეს და შედეგად, Alibaba-ს (BABA) აქციების ფასი კვირის განმავლობაშ 17%-ით გაიზარდა.
IBank: Apple-მა (AAPL) გამოაცხადა, რომ უკვე უშვებს "Buy Now, Pay Later" სერვისს აშშ-ში, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეიძინოს სასურველი პროდუქტი და თანხა დაფაროს მოგვიანებით დამატებითი ხარჯების გარეშე. ამ სერვისის გამოყენება $50-დან $1,000-მდე ღირებულების საქონელზე იქნება შესაძლებელი. MasterCard (MA) და Goldman Sachs (GS) კომპანიას დაეხმარებიან სერვისის გამართვაში.