Airbnb (ABNB)
Airbnb-მ გასულ კვირას ბრწყინავლე ფინანსური შედეგები გამოაქყვენა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი 20.9%-ით გაიზარდა. კომპანიამ ბოლო კვარტალში მოლოდინზე მაღალი, $1.9 მილიარდიანი ბრუნვა დააფიქსირა, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) 25 ცენტიანი პროგნოზის ნაცვლად 48 ცენტი იყო, რაც თითქმის ორჯერ მეტია. Airbnb-ს ჯამური მოგება კვარტალში $319 მილიონი იყო, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია წინა წლის იმავე კვარტლის მაჩვენებელზე.
კომპანიის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ 2023 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო. ოფიციალური პროგნოზის მიხედვით, ამ წლის პირველ კვარტალში ბრუნვა $1.75-$1.82 მილიარდის ფარგლებში იქნება. ასევე, ბევრი მსხვილი კომპანიისგან განსხვავებით, Airbnb მიიჩნევს, რომ 2023 წელს კომპანია ახალი კადრების შემატებას გააგრძელებს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მომხმარებლის მოთხოვნაზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება ყველა მთავარ სეგმენტში. კომპანიამ აღნიშნა, რომ მოთხოვნა იზრდება მოკლე-მანძილიან, ლოკალურ ვიზიტებზე, ხოლო იგივე დინამიკა კიდევ უფრო ინტენსიურად ჩანს გრძელ-დისტანციური, საერთაშორისო ვიზიტების სეგმენტში.
Roblox (RBLX)
Roblox ამერიკული ვიდეო თამაშების პროდიუსერი კომპანიაა, რომელიც 2004 წელს დაარსდა და დღეს უკვე 1,600 ადამიანს ასაქმებს. გასულ კვირას Roblox-მა კვარტლური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა რაც, Airbnb-ს მსგავსად, ანალიტიკოსების მოლოდინებზე საგრძნობლად უკეთესი აღმოჩნდა. კომპანიამ ბოლო კვარტალში $899 მილიონის ღირებულების ჯავშნები დააფიქსირა, როდესაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი ამაზე $24 მილიონით ნაკლები იყო. კომპანიის ჯამური ბრუნვა გასულ წელს კი $2.2 მილიარდი იყო, რაც 16%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის ჯამური წაგება 2022 წელს გაიზარდა და $934 მილიონი შეადგინა (2021-ში ეს რიცხვი $504 მილიონი იყო). აქედან $291 მილიონი კი ბოლო კვარტალში დაფიქსირდა. თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ფინანსური ზარალის მიზეზი კომპანიის ზრდისთვის გაღებული ხარჯები იყო. Roblox კლასიფიცირდება როგორც მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე აქცია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის პრიორიტეტს მოკლევადიანი მომგებიანობის ნაცვლად გაყიდვების სწრაფი ზრდა წარმოადგენს.
წლის დასაწყისიდან, Roblox-ის აქციების ფასი უკვე 47%-ითაა გაზრდილი, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის აქციები ჯერ კიდევ 70%-ითაა გაუფასურებული პიკიდან, რომელიც 2021 წლის ბოლოს ვიხილეთ.
Occidental Petroleum (OXY)
კვირის განამვლობაში, ნავთობის ფასი დაახლოებით $80-დან $76-მდე შემცირდა. ნავთობის ფასს პირდაპირი გავლენა აქვს ენერგო კომპანიების მომგებიანობაზე და შესაბამისად მათი აქციების ფასებზე. აქედან გამომდინარე, S&P 500-ის ენერგეტიკის სექტორი კვირის გამნავლობაში სხვა ყველა სექტორზე მეტად, 6.3%-ით გაუფასურდა, მაშინ როცა S&P 500-მა მხოლოდ 0.3% დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ სექტორში შემავალი კომპანიების გაუფასურება საკმაოდ სიმეტრიული იყო. სექტორის 100 ყველაზე დიდი კომპანიიდან მხოლოდ 13-მა შეძლო ზრდა კვირის განმავლობაში, ხოლო 20 ყველაზე დიდი კომპანიიდან - მხოლოდ 2-მა (Petroleo Brasiliero-მ (PBR) და Enterprise Products Partners-მა (EPD)).
ერთ-ერთი ნავთობის მომპოვებელი კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად გაუფასურდა Occidental Petroleum იყო. Occidental-ის აქციებმა კვირის განმავლობაში ფასის 7.5% დაკარგა, რაც სექტორის გასაშუალოებულ ვარდნას აღემატება. შეგახსენებთ, რომ Occidental Petroleum ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნავაჭრი აქციაა ამ სექტორიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უორენ ბაფეტის პორტფელში მნიშნველოვან წილს იკავებდა.