2022 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა კაპიტალის ბაზრებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური აქტივის კლასი კი აქციები იყო, რასაც ასახავს თითქმის ყველა საბაზისო ინდექსის ვარდნა. წლის განმავლობაში S&P 500 19%-ით გაუფასურდა, NASDAQ 33%-ით, MSCI World კი 18%-ით.
თუმცა აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მოლოდინები საგრძნობლად უკეთესია გასული წლის შედეგებთან შედარებით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სამომავლო ეკონომიკური ზიანის დიდი ნაწილი უკვე ასახულია აქციების ფასებში, აქციების უფრო მეტად გაუფასურებისთვის კი ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებაა საჭირო. სწორედ ამის გამო, ჩვენ შევკრიბეთ 15 აქცია, 3 სხვადასხვა სექტორიდან, რომლებზეც ანალიტიკოსებს ყველაზე კარგი მოლოდინები აქვთ.
ტექნოლოგიების სექტორში ანალიტიკოსების პროგნოზების მიხედვით ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალი აქვთ Amazon.com (AMZN), Apple (AAPL), Microsoft (MSFT), Alibaba (BABA) და NVIDIA-ს (NVDA). კომუნიკაციების სექტორებიდან ეს აქციებია Meta Platforms (META), Alphabet (GOOGL), Walt Disney (DIS), Activision Blizzard (ATVI) და T-Mobile (TMUS). ჯანდაცვის სექტორში საუკეთესო პროგნოზები UnitedHealth (UNH), Eli Lilly (LLY), Elevance Health (ELV), Thermo Fisher (TMO) და CVS Health (CVS)-ის აქციებზეა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზემოთხსენებული სექტორები ფუნდამენტურად განსხვავდებიან.
ტექნოლოგიების და კომუნიკაციების სექტორები - ციკლური სექტორებია, ხოლო ჯანდაცვის სექტორი ნაკლები მერყეობით და მეტი გამძლეობით გამოირჩევა ეკონომიკური დაღმასვლის დროს. შესაბამისად, ინვესტირება ტექნოლოგიების და კომუნიკაციების კომპანიებში ნიშნავს მეტი საინვესტიციო რისკის აღებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაზრდილი გაურკვევლობის დროს. ჯანდაცვის სექტორში შემავალ კომპანიებს კი შეუძლიათ რისკის დაზღვევა, თუმცა მათ ასევე ნაკლები ზრდის პოტენციალი აქვთ ზოგადი ბაზრის აღმასვლისას.