თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - მაისი 2023

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 06/08/2023 - 14:05

გაყიდული ბინების რაოდენობა 

2023 წლის მაისში ბინების გაყიდვები გაიზარდა წინა თვეში შემცირების შემდეგ - თბილისში გაიყიდა 3,650 ბინა, რაც წლიური 2.0%-იანი და თვიური 34.9%-იანი ზრდაა. ამ ზრდის წარმმართველი იყო პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები, სადაც 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მეტი - 1,650 ბინა გაიყიდა (+20.0% წ/წ). ამავდროულად, მეორად ბაზარზე კლება დაფიქსირდა როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.5% წ/წ და -12.0% წ/წ.

მაისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეიტანა გაყიდვებმა შემდეგ უბნებში - ვაშლიჯვარი (+180.0% წ/წ), კრწანისი (+47.7% წ/წ) და დიდუბე (+19.1% წ/წ). ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ვაშლიჯვრის წილი მთლიან გაყიდვებში დაბალია, მაისში ეს წილი თითქმის გასამმაგდა 4.6%-მდე. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2) და  საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების  ($801 - 1,800) დომინირება.

 

ფასები

2023 წლის მაისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი წლიურად 26.8%-ით გაიზარდა დოლარში და 8.2%-ით ლარში, თუმცა თვიურად არ შეცვლილა (ბინები პირველად და მეორად ბაზრებზე). პირველად ბაზარზე დეველოპერების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში იყო 1,112 აშშ დოლარი (+27.9% წ/წ) და ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები ვაკეში და მთაწმინდაზე იყო.

ბაზრის ზომა

2023 წლის მაისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 25.4%-ით გაიზარდა და 257.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს ჰქონდა.

ქირა

უძრავი ქონების ქირა 2023 წლის მაისში წლიურად აშშ დოლარში 44.9%-ით, ხოლო ლარში 23.7%-ით გაიზარდა. წლიური ზრდის მაღალი ტემპების მიხედავად, აპრილსა და მაისში ქირა თვე-თვესთან შედარებით შემცირდა.