თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - აპრილი 2023

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 06/07/2023 - 12:50

გაყიდული ბინების რაოდენობა 

2023 წლის აპრილში თბილისში 2,705 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 23.4%-ით შემცირებაა, ხოლო თვიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი -24.9%-ია. გაყიდვები შემცირდა ყველა ტიპის ბინებში (პირველადი, მეორადი ბაზრის ახალი პროექტები, მეორადი ბაზრის ძველი პროექტები), რაც ასახავს გასული წლის მაღალი ბაზის ეფექტს და ასევე შემცირებულ მოთხოვნას. 2023 წლის აპრილში ბაზრის ძირითადი მახასიათებლები იყო:

  • გაყიდვები ზომის მიხედვით - ყველაზე მეტი საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინები გაიყიდა;
  • გაყიდვები სეგმენტების მიხედვით – გაიზარდა საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების წილი, რაც ასახავს ფასის ეფექტს;
  • გაყიდვები უბნების მიხედვით - გაყიდვების უმეტესობა ჩვეულებისამებრ დაფიქსირდა საბურთალოზე (მთლიანის 18.2%), რასაც მოჰყვა გარეუბნები - დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი - რამაც მთლიანი გაყიდვების 41.1% შეადგინა.

 

ფასები

უძრავი ქონების მოთხოვნის ფასები აპრილის თვეში წლიურად 31.1%-ით გაიზარდა აშშ დოლარში, მაგრამ ლარის გამყარებამ შეამსუბუქა მომხმარებლებზე ზეწოლა რადგან ლარში მხოლოდ 7.9% წ/წ ზრდა დაფიქსირდა.

ბაზრის ზომა

ფასების მუდმივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულმა ტრანზაქციებმა გამოიწვია საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მთლიანი ზომის ვარდნა აპრილში 186.0 მლნ აშშ დოლარამდე, რაც წლიურად 9.8% ხოლო თვიურად 25.7% შემცირებაა.

ქირა

უძრავი ქონების იჯარა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა (+52.3% წ/წ) 2023 წლის აპრილში, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია 2023 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რაც ასახავს საბაზისო ეფექტს.