სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 06/27/2024 - 16:52

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12.3%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $5.3 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ სექტორის ბრუნვის ორ მესამედს იმპორტირებული საქონელი შეადგენს და შედარებით მცირეა ადგილობრივი წარმოების წილი. იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო მასალების სექტორში, ხოლო მაღალია სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის სექტორებში. 

სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-23 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ადგილობრივად იწარმოება:

  • ცემენტის მოხმარება ძირითადად ადგილობრივი წარმოებით (მოხმარების 93.1%) დაკმაყოფილდა 2023 წელს. ცემენტის ფასებმა სწრაფად დაიწყო ზრდა 2022 წლის შემდგომ, რისი მიზეზიც კლინკერისა და ქვანახშირის ფასის ზრდა იყო.
  • ბეტონის წარმოება რეკორდულ 4.3 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზარდა 2023 წელს, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებით და გაზრდილი სამშენებლო აქტივობით აიხსნება. ბეტონის ფასის სწრაფი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო, რაც განაპირობა მაღალმა მოთხოვნამ და ცემენტის ფასის ზრდამ. 
  • არმატურის მოხმარებამ 558.0 მლნ კილოგრამს მიაღწია 2023 წელს. ამასთან, არმატურის ადგილობრივი წარმოება წლიურად 14.5%-ით შემცირდა და შესაბამისად მოთხოვნა იმპორტით დაკომპენსირდა 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ დაბალი ფასის გამო რუსეთიდან და ირანიდან არმატურის იმპორტი 2021-23 წლებში გაორმაგდა.

 

სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი საშუალოდ 13.6%-ით გაიზარდა 2017-23 წლებში და $2.4 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ სარემონტო მასალების იმპორტი, ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მეტად იზრდება. ადგილობრივი წარმოება ყველაზე დიდი პლასტმასის პროდუქტებშია, თუმცა ხის და მეტალის პროდუქტები და კაბელების წარმოებაც საშუალოდ ორნიშნა ზრდის ტემპით იზრდება. 

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავალი საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა 2018-23 წლებში და $0.5 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 

ავეჯის სექტორი დივერსიფიცირებულია და ბაზარზე  ბევრი მცირე ინდივიდუალური მწარმოებელია. ავეჯის ბაზარზე დიდია არაფორმალური ეკონომიკის წილი და ადგილობრივი წარმოების რეალური მაჩვენებლები შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მოთხოვნას განაპირობებს სამშენებლო სექტორის აქტივობა. მოსალოდნელია, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მზარდი მოთხოვნა შენარჩუნდება, რადგან მთავრობის ინფრასტრუქტურული დანახარჯები მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მშენებლობაზე 2023 წელს გაცემული რეკორდული ნებართვები მომდევნო წლებში გამოიწვევს მაღალ სამშენებლო აქტივობას, ახალაშენებული ბინების მაღალი გაყიდვები კი ხელს შეუწყობს მოთხოვნის შენარჩუნებას სარემონტო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე.
 

Thumbnail