საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში
2023 წელს ბათუმში 15,758 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.5%-იანი კლებაა. აღნიშნული კლება აიხსნება 2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზით და მიგრაციული ნაკადების შესუსტებით. ამასთან, პირველად ბაზარზე ტრანზაქციები წლიურად 10.0%-ით შემცირდა, ხოლო მეორად ბაზარზე გაყიდვები შედარებით ნაკლები ტემპით შემცირდა. აღსანიშნავია რომ, გაყიდვების მაჩვენებელი 29.6%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებლებს.
ტრანზაქციების უმეტესობა (მთლიანის 42.0%) დარეგისტრირებული იყო ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უბანში ტრანზაქციების 60.1% პირველად ბაზარზე განხორციელდა. ამის მიზეზი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტების კონცენტრაციაა - ბათუმში მიმდინარე 155 საცხოვრებელი პროექტიდან 67 ახალ ბულვარში ხორციელდება. ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის ზრდა თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში მოხდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქობულეთში ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა (+59.5% წ/წ) დაფიქსირდა. მოსალოდნელია, რომ ქობულეთში მნიშვნელოვნად გაიზრდება გაყიდვების რაოდენობა მომდევნო პერიოდებში, რადგან ამ დროისთვის 22 დეველოპერული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
2024 წლის იანვარში ჩავატარეთ 6 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 19 მიმდინარე სამშენებლო პროექტს ბათუმში. კვლევის მიზანი იყო პირველად ბაზარზე უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, შერჩეული დეველოპერებისგან შეძენილი ბინების მთლიანი რაოდენობა წლიურად 2.8%-ით შემცირდა 2023 წელს. ეს მცირედი კლება შეიძლება აიხსნას რამდენიმე მიზეზით, კერძოდ: 1) რეკორდულად მაღალი გაყიდვების რაოდენობით 2022 წელს, 2) მიმდინარე პროექტებში გასაყიდად დარჩენილი ბინების მცირე რაოდენობით, რადგან პროექტებში რომლებიც 2024-28 წლებში სრულდება, ბინების 78% უკვე გაყიდულია და 3) უძრავი ქონების დეველოპმენტის აჭარის სხვა ლოკაციებზე გადანაცვლებით, რადგან თანდათან მზარდია პროექტების რაოდენობა ქობულეთში (მოიცავს ჩაქვს და ციხისძირს). აღსანიშნავია, რომ უცხოელი მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 80%-მდე გაიზარდა 2023 წელს 2022 წელს დაფიქსირებული 75%-დან, შერჩეული დეველოპერების პროექტებში.