დეველოპერების წინასწარი გაყიდვები
შერჩეული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, 2018-19 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-21 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია. აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საცხოვრებელი უძრავი ქონება აჭარაში
2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი და კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-23.3% და -22.1% წ/წ, შესაბამისად), რაც ნაწილობრივ წინა წლის მაღალი ბაზითაა გამოწვეული.
2024 წლის I კვარტალში ბათუმში ახალი პროექტების ფასები (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე) კვარტალურად 0.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების საშუალო შეწონილი ფასი $857/მ2-მდე შემცირდა, რაც კვარტალურად 8.1%-იანი კლებაა. 2024 წლის I კვარტალში ბათუმში სულ 209.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 20.5%-იანი შემცირებაა. ამ კლების მთავარი მიზეზი გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირება იყო.
2024 წლის I კვარტალში ქობულეთის უძრავი ქონების ბაზარზე 201 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 24.1%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა გამოიწვია გაყიდვების ზრდამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (+33.0% და +13.5% წ/წ, შესაბამისად). ასევე, ქობულეთში დეველოპერული აქტივობის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა. ამ დროისთვის ქალაქში 26 მიმდინარე საცხოვრებელი პროექტია, რაც 2023 წლის I კვარტალში 17 იყო.
2024 წლის I კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,200/მ2-ს გაუტოლდა (+6.5% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების ზრდითაა გამოწვეული. ასევე, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 19.5%-ით გაიზარდა და 11.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში
2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 6.0%-იანი კლებაა. ტრანზაქციების უმეტესობა (65.5%) მეორად ბაზარზე დაფიქსირდა.
2024 წლის I კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და $1,044/მ2-ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.9%-იანი კლებაა და პირველად ბაზარზე შემცირებულ ტრანზაქციებს მიეწერება.
საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში
2024 წლის I კვარტალში გუდაურში 95 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 3.3%-იანი ზრდაა. ტრანზაქციების უმეტესობა (71.6%) პირველად ბაზარზე დაფიქსირდა.
2024 წლის I კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად მცირედი 1.7%-ით შემცირდა და $1,420/მ2-ს გაუტოლდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.0%-იანი კლებაა.