ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მყიდველებზე. შესაბამისად, ეს ბაზრები კოვიდ-პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
2022 წელს ამ ბაზრებზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა ტურიზმის აღდგენამ და მიგრანტების ნაკადმა, რამაც გამოიწვია უძრავი ქონების ფასების ზრდა. ამ ფაქტორებთან ერთად ფასების ზრდაზე იმოქმედა გაზრდილმა ხარჯებმა (სამშენებლო მასალები, ხელფასები და მიწა). აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა.
ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაკურიანში – 18, ხოლო გუდაურში – 9. ჩვენ ველით, რომ მდგრადი მიწოდება და სამშენებლო მასალების დასტაბილურებული ფასები შეანელებს ფასების ზრდას ამ რეგიონებში.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბათუმში
2023 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში 3,944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10.0%-იანი კლებაა. ეს შემცირება ძირითადად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ); ამასთან, მეორად ბაზრზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ).
აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ეტაპობრივად გადადის ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ბათუმის შემოგარენში (გონიო/ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ). ეს აიხსნება, ბათუმში მიწის მწირი რესურსებით.
2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა (26-80მ2) ბაზრის 90.1% შეადგინა. ასევე, შეიმჩნევა მოთხოვნის ცვლილება ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინებიდან პრემიუმ სეგმენტის ბინებზე.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბინების ფასი ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე გაიზარდა და 1,219 აშშ დოლარი შეადგინა (+33.0% წ/წ), ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა (+15.7% წ/წ). ამასთან, ფასები ყველაზე მეტად გონიო-კვარიათსა (+67.7% წ/წ) და ბათუმის შიდა არეალში (+45.2% წ/წ) გაიზარდა.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბათუმში სულ 242.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიური 2.6%-იანი ზრდა და კვარტალური 8.1%-იანი შემცირებაა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება ბაკურიანში
2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში 209 ბინა გაიყიდა (-9.9% წ/წ და -10.7% კვ/კვ).
2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) ბაზრის 96.0% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი იყო საშუალო ფასის სეგმენტიდან ($801-1,200).
2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,112 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 0.9%-იანი ზრდაა.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 9.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 6.6%-იანი და კვარტალური 14.6%-იანი შემცირებაა.
საცხოვრებელი უძრავი ქონება გუდაურში
2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში 75 ბინა გაიყიდა (-34.8% წ/წ და -18.5% კვ/კვ).
2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) ბაზრის 96.6% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 49.3% მიეკუთვნება მაღალი ($1,201-1,800), ხოლო 13.6% პრემიუმ კლასის ($1,801-3,000) ფასების სეგმენტებს.
2023 წლის მე-2 კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,400 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა.
2023 წლის მე-2 კვარტალში, გუდაურში სულ 4.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (-22.9% წ/წ და -13.5% კვ/კვ).