ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - ივნისი 2024

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 07/10/2024 - 16:09

2024 წლის ივნისში:

ნავთობის ფასი თვიურად 5.9%-ით გაიზარდა. ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა იყო. გარდა გეოპოლიტიკური რისკებისა, ფასზე კატაკლიზმური მოვლენებიც მოქმედებს.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.3%-ით შემცირდა. მიუხედავად ფასის შედარებით მცირე ცვალებადობისა, თვის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა ინდუსტრიისთვის. სიახლეები ძირითადად რუსეთის, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდანაა.

ოქროს ფასი სტაბილური იყო და თვე თითქმის უცვლელად - ერთ უნციაზე $2,327 ღირებულებით დახურა. 2024 წლის მაისსა და ივნისში ჩინეთის სახალხო ბანკმა ძვირფასი მეტალი არ იყიდა.

ამონიუმის ნიტრატის ფასი 17.3%-ით გაიზარდა. ვინაიდან ბუნებრივი აირი აზოტოვანი სასუქების წარმოების მთავარი კომპონენტია, მათი ფასები ერთმანეთთან მაღალი კორელაციით ხასიათდება. შესაბამისად, 2024 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასის 20.4%-იანი თვიური ზრდის შემდეგ, ივნისში ამონიუმის ნიტრატის ფასის ზრდა მოულოდნელი არ იყო.

ხორბლის ფასი თვიურად 6.4%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, გლობალურად მიწოდების მოლოდინი კვლავ პესიმისტურია, რაც მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებში შემცირებული მოსავლის შედეგია.

სპილენძის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა. გაზაფხულზე დაფიქსირებული რეკორდული $11,000-იანი ნიშნულის შემდეგ, რაც ტრეიდერების სპეკულაციის შედეგი იყო, ფასი შედარებით დასტაბილურდა.

ფეროსილიკონი - ივნისში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.2%-ით, ხოლო ჩინურის 3.7%-ით შემცირდა. თუმცა, თვიურად 18.9%-ით გაიზარდა სილიკო-მანგანუმის ფასი.
 

Thumbnail