2024 წლის ივლისში:
ნავთობის ფასი თვიურად 6.6%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში რამდენიმე პოზიტიური ფაქტორის მიუხედავად ნავთობმა ზედიზედ 4 კვირა კლებით დაასრულა და ივლისი ერთ ბარელზე $80.7 ღირებულებით დახურა. აშშ-ში კლებადი მარაგები და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია საკმარისი არ აღმოჩნდა გლობალური მოთხოვნის პრობლემების გადასაწონად.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.6%-ით გაიზარდა. ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საკმარისი არ არის ფასების მნიშვნელოვნად გასაზრდელად. მიუხედავად გაგრილებისთვის ელექტროგენერაციის მზარდი მოთხოვნისა, ბუნებრივი აირის ბაზარმა საკმარისი მიწოდების მოძიება შეძლო.
ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის (ტრამპზე თავდასხმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია), ეკონომიკური ინდიკატორების (აშშ-ს ინფლაცია, განაკვეთების შემცირების მოლოდინი) და ურისკო აქტივში გადანაცვლების გლობალური ტრენდის ფონზე ოქროს ფასმა ივლისში კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 4.5%-ით გაიზარდა. ზოგიერთი აზოტოვანი სასუქის მიწოდება, განსაკუთრებით კი ურეასი, შემცირებულია.
ხორბლის ფასი თვიურად 4.5%-ით შემცირდა. ჩინეთის ადგილობრივ ბაზარს გლობალურ ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ჩრდილოეთ ჩინეთში მოსული ნალექის გამო ფერმერები ცდილობენ საკუთარი ხორბალი რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ, რათა უარესმა ამინდებმა მოსავალი არ გააფუჭოს.
სპილენძის ფასი თვიურად 3.7%-ით შემცირდა. მაისის რეკორდული ნიშნულიდან ფასები თითქმის 20%-ითაა შემცირებული. მას შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის მოლოდინები გაუარესდა, მთავრობამ საკმარისად ვერ შეძლო ადგილობრივი ბაზრის გამოცოცხლება, რამაც სპილენძის ინვესტორებს 20 მლრდ აშშ დოლარის ყიდვის პოზიციების დახურვისკენ უბიძგა.
ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 7.4%-ით შემცირდა, ჩინურის კი 0.8%-ით გაიზარდა. ფოლადისა და ნედლი პროდუქტების ფასები ევროპაში შემცირდა ზაფხულის პერიოდში შესუსტებულ აქტივობის და ისედაც დაბალი მოთხოვნის გამო.
