FMCG სექტორი საქართველოში

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 12/11/2024 - 11:47

2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება - 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია.

ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს ბრენდული ქსელების 500 ახალი მაღაზია დაემატა ბაზარს და მაღაზიების რაოდენობამ 4,000-ს გადააჭარბა. ამასთან, გათანაბრდა თბილისსა და რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობა, თუმცა ერთი მაღაზიის გაყიდვები თბილისში საშუალოდ დაახლოებით 30%-ით აღემატება რეგიონების მაჩვენებელს. შესაბამისად, ბრენდული ქსელების ჯამურ შემოსავლებში თბილისის წილი 56.7%-ს შეადგენს. 

ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.6%-ით, ხოლო მთლიანი ბაზრის 9.8%-იანი წილით. 2024 წელს, ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა. ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. 2024 წლის 10 თვის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.6%-ს იკავებს. მეორე ადგილზეა ნიკორა, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე 2-ნაბიჯი 16.8%-იანი წილით. ჯამში ტოპ-3 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 61.3%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 38.7% მოდის შედარებით მცირე ზომის 40 ქსელურ მაღაზიაზე. 

FMCG ბაზარი წლიურად 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში, ჩვენი პროგნოზით. FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველო ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა. ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე. ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 14.8%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში (+24.5%-იანი ზრდა 2021-24 წლებში), რაც საბაზრო წილის მიმდინარე 40.7%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს 2028 წელს. 
 

Thumbnail