ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - სექტემბერი 2024

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 10/08/2024 - 13:48

2024 წლის სექტემბერში:

ნავთობის ფასი თვიურად 8.9%-ით შემცირდა. მიუხედავად რამდენიმე დადებითი ფაქტორისა, ფასებმა დაბალი მოთხოვნისა და მოსალოდნელი მაღალი მიწოდების გამო კლება განაგრძო. სექტემბერში ფასის კლება ოქტომბრის პირველივე დღეებში დაფიქსირებული მატებით გადაიფარა, რაც ისრაელს, ჰეზბოლასა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის შედეგია.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 0.4%-ით შემცირდა. მიუხედავად ჯამური მცირე კლებისა, ფასი თვის მეორე ნახევარში 11.1%-ით გაიზარდა, რაც ზამთრის მარაგებისა და ცივი ამინდების გამო მოთხოვნის პოტენციური ზრდის რისკების დამსახურება იყო.

ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. ძვირფასმა მეტალმა სექტემბრის ოთხივე კვირაში შეძლო ახალი რეკორდის დამყარება, რაც ძირითადად საპროცენტო განაკვეთების კლების, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და ინდური მოთხოვნის შედეგი იყო.

ამონიუმის ნიტრატის ფასი ერთ ტონაზე $247.5 შენარჩუნდა. სასუქებზე მოთხოვნის ზრდა მიმდინარე წელს 2023 წლის მაჩვენებლებს ჯერ კიდევ ჩამორჩება.

ხორბლის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა. მსხვილ მწარმოებლებში ცუდი ამინდი და ჩინეთში დაბალი მოთხოვნა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად აბალანსებს. თუმცა, სამომავლოდ მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის აცდენა ფასებს მარტივად შეცვლის.

სპილენძის ფასი თვიურად 6.3%-ით გაიზარდა. ჩინეთში გამოცხადებულმა დახმარებების პაკეტმა და აშშ-ში დამატებით მოსალოდნელმა განაკვეთების კლებამ მეტალების ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. მათ შორის, სპილენძის ფასი ერთ ტონაზე დროებით $10,000-საც გადაცდა.

ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 1.4%-ით, ჩინურის კი 2.3%-ით შემცირდა. მიუხედავად კლებისა, ჩინეთის დახმარების პაკეტმა სენტიმენტი მცირედით გამოაკეთა.
 

Thumbnail