ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელმა და მმართველმა კომპანიამ – შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ეს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მეორე ემისიაა, რაც პანდემიის, ადგილობრივი თუ რეგიონალული გამოწვევების პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით მოლოდინებზე უსვამს ხაზს.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა, ხოლო ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა მოხდება 2024 წლის 7 ივლისს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება, დაებანდებინათ თავისუფალი ფულადი სახსრები საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ, სტაბილურ და წარმატებულ კომპანიაში, მაღალი იყო.
„მოგეხსენებათ, გალტ & თაგარტთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ წარმატებით განახორციელა მეორე, 15 000 000 აშშ დოლარის ობლიგაციების ემისია. მოხარულები ვართ, რომ კომპანიის სტაბილურმა განვითარებამ, ზრდის ტემპმა და ნდობის მაღალმა ხარისხმა, განაპირობა ინვესტორთა დიდი ინტერესი და მაღალი მოთხოვნა ემისირებულ ფასიან ქაღალდებზე. ობლიგაციების შეძენის გზით, ინვესტორებმა მოახდინეს თანხის დაბანდება უძრავი ქონების ბაზრის ლიდერ კომპანიაში, რომელიც მათთვის საიმედო პარტნიორი გახდა. მადლობას ვუხდით „გალთ & თაგარტს“ პარტნიორობისთვის და ინვესტორებს გამოჩენილი ინტერესისა და ნდობისთვის“,- ლევან მესხელი, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“–ს დირექტორი
„მსურს, პირველ რიგში, მივულოცო „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტმა“ წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი უფრო მეტად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციას და წვლილს შეიტანს კომპანიის სამომავლო განვითარებასა და დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესებაში. მიუხედავად საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი არაერთი გამოწვევისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი მნიშვნელოვნად მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა. მინდა მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.“ - ოთარ შარიქაძე, „გალტ & თაგარტის“ მმართველი დირექტორი.
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” შესახებ:
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს და წარმატებით მართავს მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს: „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“, ასევე, პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს – „სითი თაუერი“.
„სითი მოლი საბურთალო“ 120 000 მ2–ზე განთავსებული სავაჭრო ცენტრია, რომელიც ვაჟა–ფშაველას N70–ში მდებარეობს, ამავე მისამართზე ოპერირებს ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“, რომელიც 11 000 მ2–ს ითვისებს და სადაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის ოფისი ფუნქციონირებს. „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს ი.ვეკუას N1–ში და 40 000 მ2–ზე განთავსებული სავაჭრო სივრცეა. სითი მოლის სავაჭრო ცენტრები 400–ზე მეტი წამყვანი, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. უნიკალური ბრენდ მიქსი, გამორჩეული ადგილმდებარეობა, კომფორტული და ინოვაციური ინფრასტრუქტურა სავაჭრო ცენტრებს მომხმარებლის რჩეულ – შოპინგის, გართობისა და სოციალიზაციის სივრცეებად აპოზიციონირებს.
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს უძრავი ქონების სწრაფად მზარდ და განვითარებად სექტორში.