გასულ კვირას, 40 წლიანი რეკორდული ინფლაციის მაჩვენებლის ფონზე, ამერიკის ფინანსური ბაზრები მნიშვნელოვნად შემცირდა. პარასკევს დოუ ჯონსის ოცდაათივე აქციის ფასი შემცირდა, ხოლო ნიუ იორკის ბირჟაზე ღირებულება დაკარგულ აქციათა რაოდენობამ რვაჯერ გადააჭარბა გაზრდილთა რაოდენობას. ინფლაციის ახალმა ნიშნულმა, რომელმაც 8.6%-ს მიაღწია, უფრო გაამძაფრა რეცესიასა და მომავალ კვირაში Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების შიში. შემდეგ ეს კვირა აქციებისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, დოუ ჯონსი 4.6%-ით, S&P 500 5%-ით, ხოლო Nasdaq Composite 5.6%-ით შემცირდა.
სიახლეები:
- Apple-მა ორშაბათს დეველოპერების საერთაშორისო კონფერენციაზე ახალი სერვისი წარადგინა - იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით. მას Apple-ის შვილობილი კომპანია, Apple Financing LLC გაუძღვება. ახალი პროდუქტით Apple-ის ეკოსისტემას კიდევ ერთი დიდი ფინანსური სერვისი ემატება, რითიც კომპანია მეტად უახლოვდება საბანკო სივრცეს. "Pay Later" დაუპირისპირდება ამ სფეროს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Affirm (AFRM), Klarna (KLAR) და PayPal (PYPL). Goldman Sachs-ის საშუალებით პროექტს Master Card-ის სისტემის გამოყენება შეეძლება. წარსულში, მომხმარებლებისთვის Apple-ის პროდუქტების შეძენის დასაფინანსებლად კომპანია ამერიკის ტერიტორიაზე Goldmanc Sachs-თან, ბრიტანეთში კი Barclays-თან თანამშრომლობდა. დღეის მონაცემებით Apple-ის აქციები ისტორიული მაქსიმუმიდან 25%-ითაა შემცირებული.
- ExxonMobil-ის აქციის ფასმა (XON) 2014 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა $100-ს. გასული ოთხი წლის განმავლობაში, კლიმატური კრიზისის და ბიზნეს სტრატეგიის კრიტიკის ფონზე, კომპანიას პოტენციური ინვესტორების მოზიდვა უჭირდა, თუმცა გასულ სამშაბათს, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, მისი ერთი აქციის ფასი $100-ს გადაცდა. ნავთობის ფასების მიმდინარე ზრდის ფონზე ExxonMobil-ის აქციის ღირებულება 70%-ითაა გაზრდილი. მას არ ჩამორჩებიან სხვა ნავთობ-გიგანტებიც, მაგალითად Chevron Corporation (CVX) 62%-ით, უორენ ბაფეტის ფავორიტი Occidental Petroleum 125%-ით, ხოლო მთლიანი სექტორის ETF: Energy Select Sector SPDR Fund (XLE) 60%-ით გაიზარდა. მიუხედავად შთამბეჭდავი ზრდისა, წამყვანი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის ვარაუდით ზაფხულში ნავთობის ფასი $140-ს მიაღწევს, შესაბამისად, მოსალოდნელია სექტორის და მისი კომპანიების კიდევ უფრო ზრდა.
- DocuSign-ის აქციების ფასი კვარტლური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მკვეთრად დაეცა. მიუხედავად დამაკმაყოფილებელი შემოსავლისა ($588.7 მილიონი, 25.5% ზრდა წინა წელთან შედარებით) აქციის EPS (მოგება ერთ ცალ აქციაზე) ნავარაუდებ $0.46-თან შედარებით ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. ამასთან, კომპანიის მონაცემებით, კვარტლურმა დანაკარგმა $27.4 მილიონი შეადგინა. გასული წლის პირველ კვარტალში ეს მონაცემი $8.4 მილიონი იყო. რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე ინვესტორების ინტერესი მზარდი კომპანიებიდან მომგებიან, ღირებულებით კომპანიებზე გადადის. პანდემიის დასაწყისში, ონლაინ ტრანზაქციების მატებასთან ერთად, DocuSign-მა ძლიერი ზრდა აჩვენა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვარტალში ეს ბევრად ნაკლებია. გასულ კვირას მათ მაიკროსოფტთან პარტნიორობის გაფართოება დააანონსეს, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ინვესტორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
Type
Blog
Thumbnail