აშშ-ში ძირითადი ამერიკული ინდექსები უკვე მეორე კვირაა ზრდას განაგრძობენ. წინა კვირის საუკეთესო სექტორებს შორის პირველ ადგილზე კვლავ ენერგეტიკის სექტორი მოხვდა, ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საუდის არაბეთში ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი $120-ს გადასცდა. ენერგეტიკის სექტორის ზრდამ დადებითი გავლენა მოახდინა ჯამურად „S&P 500”-ის ინდექსზე, რომელიც პარასკევს 0.5%-ით გაიზარდა ხოლო კვირის ჭრილში ზრდამ 1.8% შეადგინა. ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული „Nasdaq”-ის ინდექსი პარასკევს შემცირდა, თუმცა კვირის განმავლობაში მაინც 2%-იანი ზრდა დააფიქსირა. „Dow Jones”-ის ინდექსი კი მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა წინა კვირაში. ბირჟები განაგრძობენ ზრდას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი ჯერ ისევ ინტენსიურად მიმდინარეობს და ამერიკის ფედერალური რეზერვიც მკაცრად მისდევს საკუთარ გეგმებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ.
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- ამერიკა ევროპას ბუნებრივი აირით მოამარაგებს: აშშ და ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ამერიკიდან ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებას 2022 წლის ბოლომდე, რაც ხელს შეუწყობს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ამ ახალი შეთანხმების შედეგად ევროპა ამერიკისგან სულ მცირე 15 მილიარდი კუბური მეტრი “LNG”-ის მარაგებს მიიღებს 2022 წლის ბოლომდე და შემდეგი წლების განმავლობაში ეცდებიან, რომ ეს ციფრი 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდონ. ევროპაში მოხმარებული გაზის 40% ამჟამად რუსეთიდან მოდის, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ საკუთარი გაზის მომწოდებლების დივერსიფიცირება მოახდინონ. შეთანახმების დეტალები ჯერ ისევ გასარკვევია, თუმცა ცხადია რომ შესაძლოა ეს კარგად აისახოს როგორც ამერიკულ გაზის მწარმოებელ კომპანიებზე, მაგალითად: „Coterra Energy“ (CTRA), „EQT“ (EQT), და „Southwestern Energy“ (SWN), ასევე იმ კომპანიებზე, რომლებიც გაზის მომზადებისა და გადაზიდვის შემდეგ ეტაპზე საქმიანობენ, მაგალითად: „Cheniere Energy“ (LNG) და „Energy Transfer“ (ET).
- ოსკარზე წელს მთავარი კონკურენცია „Apple”-სა და „Netflix”-ს შორის იყო: წელს ოსკარის ნომინაციებს შორის ნახევარი ონლაინ სტრიმინგ პლატფორმების მიერ გადაღებული ფილები აღმოჩნდა. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ ისეთი ფილები, როგორებიც არის: „Netflix“-ის “Don't Look Up” და “The Power of the Dog”, „Apple TV+“-ის “CODA” და „HBO Max“-ის “Dune” და “King Richard”. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „Apple“-ის გადაღებულმა ფილმმა „CODA”-მ გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს რომ კინო ინდუსტრიაში კიდევ უფრო იზრდება ონლაინ სტრიმინგ პლათფორმების გავლენა, ამასთან ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას მილიონობით ადამიანი უყურებს და შესაბამისად ეს ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებისთვის საკმაოდ კარგი დამატებითი რეკლამაა. „Netlfix”-სს ამჟამად ნამდვილად სჭირდება დამატებითი ბიძგი, რადგანაც მისი აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 40%-ზე მეტით არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ „Netflix”-ის გამომწერების რაოდენობა იზრდება, კონკურენტები, როგორიც არის მაგალითად „Disney+”, სწრაფ ზრდას განაგრძობენ.
- „NIKE”-ის კვარტალური შედეგები: კომპანია „Nike“-ის (NKE) აქციები ორშაბათს სავაჭრო სესიის შემდეგ 5.5%-ით გაიზარდა, მას შემდეგ რაც სპორტული ფეხსაცმლის მწარმოებელმა გიგანტმა კარგი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 5%-ით, $10,9 მილიარდამდე გაიზარდა 2021 წლის მეოთხე კვარტალში (რაც აღემატებოდა ანალიტიკოსების $10.6 მილიარდის მოლოდინს). კომპანიას შემოსავლები შემცირებული ქონდა ჩინეთში (-5%) თუმცა ეს შემცირება გადაწონა შემოსავლების საკმაოდ დიდმა ზრდამ ყველა სხვა მსხვილ ბაზარზე. ფეხსაცმლის გაყიდვები კომპანიას 2%-ით გაეზარდა $6.7 მილიარდამდე, ხოლო ტანსაცმლის გაყიდვების ზრდამ კი 9%-ს მიაღწია და კომპანიას $3.2 მილიარდის შემოსავლები მოუტანა. მენეჯმენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კომპანიას საკმაოდ გაზრდილი ქონდა პირდაპირი გაყიდვები კლიენტებზე (+15%), ანუ მომხმარებლები უფრო მეტს შოპინგობენ პირდაპირ „Nike”-ის ვებსაიტებზე, აპლიკაციაში და მათსავე მაღაზიებშიმ რაც ნიშნავს, რომ კომპანიას ნაკლებად მოუწევს ისეთი ქსელების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად „Foot Locker“ (FL). გაზრდილი პირდაპირი გაყიდვები ამცირებს კომპანიის ხარჯებს და დადებითად აისახება მათ მომგებიანობაზე.
„S&P 500“-ის საუკეთესო სექტორები წინა კვირაში:
- ენერგეტიკის სექტორი + 7.42% (ETF: XLE)
- მასალების სექტორი + 4.10% (ETF: XLB)
- კომუნალურების სექტორი + 3.45% (ETF: XLU)
კალენდარი:
ინვესტორები ამ კვირაში ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-ში მარტის თვის დასაქმების სტატისტიკას, რომელიც პარასკევს გავრცელდება. ანალიტიკოსების მოლოდინი არის რომ მარტში ახალი სამუშაო ადგილების ოდენობა 450,00 იქნება. კვარტალური შედეგების სეზონი თითქმის დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია რომ პარასკევს საკუთარი მანქანების წარმოების სტატისტიკას გამოაცხადებენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: „Tesla“ (TSLA), „Nio“ (NIO), „Li Auto“ (LI) და „XPeng“ (XPEV), შესაბამისად მოსალოდნელია რომ ელექტრო-მანქანების ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების აქციები საკმაოდ ვოლატილური იქნებიან მიმდინარე და შემდეგ კვირაში.
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:
ორშაბათი, 28 მარტი: XPeng (XPEV) და Jefferies Financial Group (JEF).
სამშაბათი, 29 მარტი: Solo Brands (DTC), Lululemon (LULU), Micron (MU), Chewy (CHWY) და RH (RH).
ოთხშაბათი, 30 მარტი: UiPath Inc (PATH), Five Below (FIVE) და Paychex (PAYX).
ხუთშაბათი, 31 მარტი: BlackBerry (BB).