საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 02/14/2022 - 15:54

პარასკევს მსოფლიო ბირჟებზე აქციების ფასები მნიშვნელოვნად დაეცა, იანვარში ინფლაციის მოულოდნელად მაღალი ნიშნულით შეშინებული ინვესტორების განწყობები კიდევ უფრო გაუარესდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამძაფრების შემდეგ. პარასკევს, აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლებელია რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდშიც კი დაიწყოს. ერთის მხრივ, ამ სიახლის გავრცელების შემდეგ აშშ-ში ინდექსები და აქციების ფასები დავარდა, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და გაზის ღირებულება. კვირის განმავლობაში „Dow Jones“-ის ინდექსი 1%-ით შემცირდა, „S&P 500“-ის ინდექსი 1.8%-ით, ხოლო „Nasdaq Composite“-ის ინდექსი 2.2%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.

წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • „Nvidia”-მ გამოაცხადა რომ კომპანია „ARM”-ს აღარ შეისყიდის:  „Nvidia”-მ წინა კვირაში გააკეთა განცხადება, რომ რეგულატორული შეზღუდვის გამო „Softbank”-ისგან აღარ შეისყიდის კომპანია „Arm“-ს. შეგახსენებთ, რომ Nvidia 2020 წლის სექტემბრის შემდეგ ცდილობდა რომ კომპიუტერული ჩიპების დიზაინების შემქმნელი კომპანია ARM შეეძინა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება იქნებოდა როგორც ჩიპების ინდუსტრიაში, ასევე მთლიანად კორპორატიული შესყიდვების ისტორიაში (გარიგების მოცულობა 2020-ში 40 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული). გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნახევარგამტარების მწარომებელი კომპანია კონტროლს მოიპოვებდა კომპიუტერული ჩიპების იმ დიზაინზე, რომლებსაც მისი კონკურენტებიც იყენებენ საკუთარი ჩიპების დასამზადებლად, რისი უფლებაც რეგულატორებმა “Nvidia”-ს არ მისცეს. „Softbank”-მა გარიგების ჩაშლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ისინი ახლა უკვე გეგმავენ „Arm”-ის საჯარო კომპანიად გარდაქმნას და მისი აქციების ბირჟაზე გამოტანას. მოსალოდნელია რომ ეს “IPO” 2023 წლის მარტში შედგება.
  • ინვესტორები „Disney“-ის შედეგებით აღფრთოვანდნენ: „Disney“-მ (DIS) ბევრი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო, მას შემდეგ რაც წინა ოთხშაბათს კარგი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. კვარტალური შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, აქციები გარკვეულ მომენტში 10%-ზე მეტითაც კი იყო გაზრდილი. კომპანიის მენეჯმენტჯმა გამოაცხადა, რომ მათ გასული კვარტალის განმავლობაში „Disney+”-ის პლატფორმაზე 11.8 მილიონი ახალი გამომწერი დაემატათ (ანალიტიკოსების მოლოდინი მხოლოდ 7 მილიონი იყო) და მთლიანად მომხმარებლების რაოდენობამ 129.8 მილიონს მიაღწია.  „Disney“-ის ასევე დიდი ზრდა ჰქონდა თემატური პარკების მიმართულებითაც და მათ წინა კვარტალში ამ ბიზნესიდან 7.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც პრე-პანდემიურ ნიშნულზე მაღალი შემოსავალიც კი არის.
  • ნავთობის ფასი $100-ს უახლოვდება:  ნავთობის ფასების ზრდის ტემპი ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია და მას შემდეგ, რაც აშშ-ის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს განცხადება, რომ რუსეთი უკვე ნებისმიერ დღეს შესაძლოა შეიჭრას უკრაინაში, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $95-ს გადასცდა, რაც 7 წლიანი მაქსიმუმია. გარდა უკრაინის კონფლიქტისა ნავთობის ფასებზე გავლენას ახდენს ნავთობის კარტელის “OPEC+“-ის გადაწყვეტილებები წარმოების მოცულობასთან დაკავშირებით. „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს“ განცხადებით, „OPEC+“-ის წარმოების მაჩვენებლები მოსალოდნელზე დაბალ ნიშნულზე რჩება, რაც ასევე იწვევს ნავთობის ფასების ზრდას.  „S&P 500”-ის ენერგეტიკის სექტორის ETF-ი, “XLE” წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე 23%-ზე მეტად არის გაზრდილი და 2022 წელს ზრდის ტემპით საუკეთესო სექტორია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასის ზრდა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, თუმცა წინა კვირაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ამერიკა მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით და წარმატებით დამთავრების შემთხვევაში ირანს შესაძლოა მიეცეს საშუალება, რომ ნავთობი მიაწოდოს დასავლეთის ქვეყნებს, რაც მოაგვარებს ნავთობის არსებულ დეფიციტს.

 

“S&P 500”-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში:

  • ენერგეტიკის სექტორი + 1.75% (ETF: XLE) 
  • მასალების სექტორი + 1.15% (ETF: XLB)
  • ფინანსური სექტორი - 0.02% (ETF: XLF)


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

ორშაბათი, 14 თებერვალი: TreeHouse Foods (THS), Advance Auto Parts (AAP), Avis Budget (CAR) და Arista Networks (ANET).

სამშაბათი, 15 თებერვალი: Marriott International (MAR), ViacomCBS (VIAC), Airbnb (ABNB),, Wynn Resorts (WYNN), Roblox (RBLX) და Upstart (UPST).

ოთხშაბათი, 16 თებერვალი: Kraft Heinz (KHC), Analog Devices (ADI), Shopify (SHOP), Marathon Oil (MRO), Cisco (CSCO), Nvidia (NVDA), Applied Materials (AMAT), Matterport (MTTR) და DoorDash (DASH).

ხუთშაბათი, 17 თებერვალი: Walmart (WMT), Palantir (PLTR), AutoNation (AN), Roku (ROKU) და Shake Shack (SHAK),

პარასკევი, 18 თებერვალი: Draft Kings (DKNG).
 

Type
Blog
Thumbnail
error