2021 კიდევ ერთი კარგი წელი იყო ინვესტორებისთვის. გლობალური ეკონომიკის გახსნის ფონზე გაიზარდა მოხმარება და შესაბამისად კომპანიების მოგებაც, რამაც ხელი შეუწყო აქციების ფასების ზრდასაც. 26 დეკემბრის ჩათვლით „S&P 500“-ის ინდექსი წლის განმავლობაში გაზრდილია 27.7%-ით და უკვე მე-3 წელია ზედიზედ ზრდას აფიქსირებს. ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული „Nasdaq Composite”-ის ინდექსი წლის დასაწყისიდან დღემდე 23.27%-ით არის გაზრდილი, ხოლო „Dow Jones“-ის ინდექსი კი 18.95%-ით.
2021 წლის ტოპ 3 სექტორი „S&P 500“-ის ინდექსიდან, რომელთაც ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენეს:
- ენერგეტიკის სექტორი +46.21% (ETF: XLE)
- უძრავი ქონების სექტორი +37.42% (ETF: XLRE)
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი +32.73% (ETF: XLK)
სიახლეები რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს ბირჟებზე 2021 წელს:
- ინფლაცია: ათწლეულების შემდეგ ინფლაცია კვლავ აქტუალურ პრობლემად იქცა მსოფლიო ბირჟებისთვის 2021 წელს. აშშ-ში CPI ინდექსმა წლის დასასრულს 6.8%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1982 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პირობებში, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მიწოდების ჯაჭვების პრობლემები იყო, რამაც გამოიწვია გარკვეული პროდუქტების დეფიციტი და შესაბამისად მაღალი ფასები. ინფლაციაზე ასევე ნეგატიური გავლენა იქონია ნავთობის მაღალმა ფასებმა. მოგების მარჟის შემცირების თავიდან ასაცილებლად ბევრ კომპანიას პროდუქტებზე ფასების გაძვირება მოუწია. ჯერჯერობით რთული სათქმელია როდის მოგვარდება მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვების პრობლემები, ასე რომ მსოფლიოში ფასების ზრდა შესაძლოა 2022 წელსაც გაგრძელდეს. ინფლაციამ საკმაოდ ცუდი გავლენა მოახდინა სწრაფად მზარდ (Growth) აქციებზე და ბევრი ასეთი კომპანიის ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე საკმაოდ შემცირდა, მაგალითად: „Roku“ (-26.54%), „Twilio“ (-20.15%), „Teladoc Health“ (-52.60%), „Robinhood“-ი (-45.72%) და „Pinterest“-ი(-45.03%).
- „Meme” აქციები: 2021 წლის დასაწყისში ონლაინ ფორუმების (Reddit – WallStreetBets) დახმარებით პატარა ინვესტორებმა დაიწყეს კოორდინირებულად შერჩეული კომპანიის აქციების შესყიდვა და ფასების ხელოვნური გაზრდა. კომპანია „GameStop”-ის აქციები იანვარში 1,600%-ზე მეტად გაიზარდა ამ აქტიურობის შედეგად და ბევრმა ჰეჯ-ფონდმა, რომელიც ამ კომპანიის აქციების ფასის შემცირებაზე აკეთებდა ფსონს, საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა. ზოგიერთი ასეთი „Meme” აქცია წლის დასაწყისიდან დღემდე ჯერ ისევ საკმაოდ გაზრდილია, მაგალითად: „Gamestop“-ი (+781.97%) და „AMC“ (+1,318.91%).
- ჩინეთის ზეწოლა ტექ-კომპანიებზე: უცხოურ ბირჟებზე დალისტული ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო ღირებულება წელს 1 ტრილიონ დოლარზე მეტით არის შემცირებული, მას შემდეგ რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ დაიწყო რეგულაციების გამკაცრება. აღსანიშნავია, „Alibaba Group“-ი (-47.92%), ჩინური ელ-კომერციის გიგანტი და მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანია გაყიდვების მოცულობით, რომელიც მთავრობამ $2.8 მილიარდით დააჯარიმა. რეგულატორული პრობლემების გამო ასევე დიდი პრობლემები შეექმნა კომპანია „Didi”-საც, რომელსაც წლის ბოლოს მოუწია განცხადების გაკეთება, რომ რეგულატორული პრობლემების გამო საკუთარი აქციების ნიუ-იორკის ბირჟიდან დელისტინგი მოუწევთ. „Didi”-ის აქციები ბირჟებზე წელს გამოვიდა და IPO-ს შემდეგ 60%-ზე მეტით არის შემცირებული.
- კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი: გლობალურ ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა წლის განმავლობაში კომპიუტერული ჩიპების დეფიციტმა. ბევრი პროდუქტის, მათ შორის: მანქანების, ვიდეო-თამაშების კონსულები და სხვა ტექნიკის წარმოება საკმაოდ შეფერხდა კომპიუტერული ჩიპების არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს პრობლემები გამოიწვია პანდემიის შედეგად აზიაში კონცენტრირებული ბევრი ქარხნის დროებით დახურვამ. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბევრი კომპანია, რომელიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა, გაზრდილი მოთხოვნისა და ინვესტორების დამატებითი დაინტერესების გამო საკმაოდ გაიზარდა, მათ შორის: „NVIDIA“ (+126.02%), „AMD“ (+58.33%) და „QUALCOMM“ (+23.06%). კომპიუტერული ჩიპების მწარმოებლების „ETF“-ი „SOXX” წლის დასაწყისიდან დღემდე 43%-ზე მეტით არის გაზრდილი.
- რეკორდული წელი IPO-ებისთვის: 2021 წელს რეკორდული რაოდენობით ახალი კომპანია დაილისტა საფონდო ბირჟებზე. „PitchBook“-ის მიხედვით, მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე 14 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 1,500 ახალი კომპანია გამოჩნდა და მათ დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს. 2020 წელთან შედარებით IPO-ების რაოდენობა გაორმაგებულია. წლის ყველაზე დიდ და საინტერესო IPO-ებში მოხვდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: „Coinbase“ (მოზიდული ინვესტიცია: $37.7 მილიარდი), „Roblox“ (მოზიდული ინვესტიცია: $13.8 მილიარდი) რომელიც ბირჟებზე გამოსვლის შემდეგ 46.50% არის გაზრდილი, „Wise“ (მოზიდული ინვესტიცია:$12.2 მილიარდი), „Rivian“ (მოზიდული ინვესტიცია: $11.9 მილიარდი) და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი „Globalfoundries“ (მოზიდული ინვესტიცია: $2.6 მილიარდი) რომელიც 33%-ით არის გაზრდილი „IPO“-ს შემდეგ.
ასევე გვინდა გამოვყოთ 10 ცნობილი და პოპულარული კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, რომლებმაც წლის განმავლობაში ფენომენალური ზრდა აჩვენეს: „BioNTech“-ი (197.78%) და „Moderna“ (123.74%) ჯანდაცვის სექტორიდან. „Devon Energy“ (160.69%) და „Marathon Oil“ (134.26%) ენერგეტიკის სექტორიდან. „Synaptics“ (185.71%) და „Nvidia” (126.02%) ტექნოლოგიური სექტორიდან. „Bath & Body Works“ (117.19%) და „Macy’s“ (124.06%) საცალო გაყიდვების სექტორიდან. „Lucid Group“-ი (274.90%) და „Ford Motor“ ავტომანქანების ინდუსტრიიდან.
აქვე გაეცანი გამოსადეგ წყაროებს, რომელიც ინვესტირებაში დაგეხმარებათ.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო