საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 01/10/2022 - 18:12

აქციებისთვის გასული კვირა არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა. ამერიკის სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე ინვესტორებმა დიდი რაოდენობით სწრაფად მზარდი „Growth” აქციების გაყიდვა დაიწყეს. “Nasdaq 100”-ის ინდექსი წინა კვირის ბოლო 4 დღის განმავლობაში მცირდებოდა და 4.5%-ით დაეცა.  ასევე 1.8%-ით შემცირდა „S&P 500“-ის ინდექსიც. დოუ ჯონსის ინდექსი კვირის განმავლობაში მხოლოდ 0.3%-ით დაეცა.  აქციების ასეთი ვარდნა, წინა კვირის განმავლობაში გავრცელებულმა, ამერიკის არასახარბიელო დასაქმების სტატისტიკამაც გამოიწვია.

„S&P 500“-ის საუკეთესო სექტორები წინა კვირის განმავლობაში:

  • ენერგეტიკის სექტორი + 10.65% (ETF: XLE)
  • ფინანსური სექტორი + 5.37% (ETF: XLF)
  • ინდუსტრიული სექტორი + 0.67% (ETF: XLI)

 

წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • “Apple”-ი პირველი კომპანია გახდა, რომელის საბაზრო ღირებულებამაც 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა:  2022 წლის პირველი სავაჭრო დღე ისტორიული აღმოჩნდა ამერიკული ბირჟებისთვის. “Apple”-ის აქციების ზრდის შემდეგ, ორშაბათს კომპანიის საბაზრო ღირებულება გარკვეული დროის განმავლობაში 3 ტრილიონ დოლარს გადასცდა, რაც პირველად მოხდა ფინანსური ბირჟების ისტორიაში.  AAPL-ის აქციების ფასის ზრდას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ინვესტორების რწმენაც, რომ კომპანია მომავალში ახალი ინოვაციური პროდუქტების გამოშვებას გააგრძელებს (ელექტრო-მანქანები, გაფართოებული რეალობის სათვალეები) რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კომპანიის გაფართოებას.  ვოლ-სტრიტის ტოპ ანალიტიკოსებიც იზიარებენ ამ მოსაზრებას და ისეთი ბანკების ანალიტიკოსები, როგორებიც არიან:  Bank of America, J.P Morgan, Morgan Stanley, Citigroup, Goldman Sachs და Wedbush აკეთებენ პროგნოზებს რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში “Apple”-ის აქციების ფასი შესაძლოა $200 ნიშნულსაც კი გადასცდეს.
  • „General Motors“-მა ამერიკაში გაყიდვების ლიდერის სტატუსი დაკარგა:  90 წლის განმავლობაში მანქანების გაყიდვების ლიდერი ამერიკაში „General Motors”-ი იყო, თუმცა 2021-ში მას ეს ტიტული „Toyota“-მ ჩამოართვა. ახლად გავრცელებული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ტოიოტას გაყიდვები 2021-ში 10%-ით გაიზარდა და 2.3 მილიონ მანქანას მიაღწია, მაშინ როდესაც იგივე წელს “GM”-ის გაყიდვები 2.2 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-იანი კლებაა. ტოიოტამ მსგავსი შედეგების მიღწევა კარგი მენეჯმენტის დახმარებით შეძლო: მათ შედარებით ადრე დაიწყეს კომპიუტერული ჩიპების მომარაგება და მაშინ როდესაც ავტომანქანების მწარმოებლების უმეტესობას პრობლემები შეექმნა კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, ეს პრობლემა მათ შედარებით ნაკლებად შეეხო. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ შემდეგი წლების განმავლობაში „Toyota“-ს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. წინა კვირის განმავლობაში მათ გამოაცხადეს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე 70 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ ელექტრო-მანქანების ინდუსტრიაში და 30-ამდე ახალი ელექტრომანქანის გამოშვებას 2030 წლამდე.
  • ნიუ იორკში მობილურით სპორტულ თამაშებზე ფსონების დადება ლეგალური გახდა:   ნიუ-იორკის შტატში მაცხოვრებლებს უკვე ამ კვირიდან საშუალება მიეცემათ, რომ სპორტულ თამაშებზე ფსონები მობილური აპლიკაციების გამოყენებით განახორციელონ. ეს ახალი ამბავი შეიძლება საკმაოდ სარფიანი აღმოჩნდეს ამ სფეროში მოღვაწე ლიცენზირებული კომპანიებისთვის, როგორებიც არიან: DraftKings, Caesars Sportsbook, Flutter Entertainment’s FanDuel, და Rush Street Interactive.  ოთხივე ამ კომპანიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი წინა კვირის განმავლობაშივე მზად იყვნენ, რომ საკუთარი სერვისი შეეთავაზებინათ ნიუ-იორკელი აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის. “DKNG”-ის აქციების ფასი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პარასკევს 6%-ით გაიზარდა.

 

კალენდარი:

ეკონომიკური კალენდრიდან ამ კვირის განმავლობაში ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება “CPI” ინდექსი. „CPI” ინდექსისა და შესაბამისად ამერიკაში მიმდინარე ინფლაციის შესახებ ინფორმაციას ოთხშაბათს მივიღებთ. ეკონომისტების პროგნოზით  ინფლაცია დეკემბრის თვეში წინა წელთან შედარებით 7.1%-ით იქნება გაზრდილი, რაც ინფლაციის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება 1982 წლის შემდეგ.

კვარტალური შედეგები:

ორშაბათი, 10 იანვარი: Tilray (TLRY)

სამშაბათი, 11 იანვარი: Albertsons Companies (ACI).

ოთხშაბათი, 12 იანვარი: Jefferies (JEF), KB Home (KBH).

ხუთშაბათი, 13 იანვარი:Delta Air Lines (DAL).

პარასკევი, 14 იანვარი : JPMorgan (JPM), Wells Fargo (WFC), BlackRock (BLK) და Citigroup (C).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
ფოტო