წინა კვირა ამერიკული აქციებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კვირა იყო თებერვლის შემდეგ. წინა კვირას აშშ-ში გამოქვეყნდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი (CPI ინდექსი), რომელიც 1982 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლიურმა ინფლაციამ ნოემბრის მდგომარეობით 6.8%-ს მიაღწია, თუმცა ამ სიახლეს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია აშშ-ში აქციების ფასებზე, ვინაიდან ეკონომისტებისთვის ინფლაციის ეს მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო. კვირის განმავლობაში „Dow Jones”-ის ინდექსი 4%-ით გაიზარდა, „S&P 500“-ის ინდექსი 3.8%-ით, ხოლო „Nasdaq”-ის ინდექსი კი 3.6%-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ „Dow Jones”-ის ინდექსისთვის ეს საუკეთესო ზრდა იყო 2021 წლის მარტის შემდეგ, ხოლო „S&P 500“-ისა და „Nasdaq”-ის ინდექსებს მსგავსი ზრდა თებერვლის შემდეგ არ დაუფიქსირებიათ.
კვირის საუკეთესო შედეგები:
- „S&P 500“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი +5.98% (ETF: XLK)
- „S&P 500“-ის ენერგეტიკის სექტორი +3.69% (ETF: XLE)
- „S&P 500“-ის პირველადი მოხმარების საგნების სექტორი +3.54% (ETF: XLP)
კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- ფორდის თავჯდომარემ ფორდის დამატებით 2 მილიონი აქცია შეიძინა: „Ford Motor Co.“-ს თავჯდომარე ბილ ფორდმა წინა კვირის განმავლობაში კომპანიის 2 მილიონი აქცია შეიძინა, რაც მას დაახლოებით $20.5 მილიონი დაუჯდა. ფორდის აქციების ფასი ამჟამად 20 წლიან მაქსიმუმზეა, რასაც ხელი შეუწყო კომპანიის მხრიდან ელექტრო-მანქანების ბაზარზე აგრესიული შესვლის სტრატეგიამ. მას შემდეგ, რაც 14 თვის წინ ჯიმ ფარლი კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა, „F”-ის აქციები თითქმის 200%-ით არის გაზრდილი. „ბილის მიერ აქციების შეძენის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ თავჯდომარე დარწმუნებულია ფორდის წარმატებულ მომავალში, და კომპანიის შესაძლებლობაში, რომ ინვესტორებისთვის გააგრძელოს დამატებითი ღირებულების შექმნა“ - ვკითხულობთ „Ford Motor”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- „Intel”-ი საკუთარი „Mobileye”-ის განყოფილების ინვესტორებისთვის ბირჟებზე შეთავაზებას გეგმავს: 7 დეკემბერს „Wall Street Journal”-ის მიერ გავრცელებული სტატიიდან ირკვევა, რომ კომპანია „Intel”-ი გეგმავს 2017 წელს შეძენილი კომპანია „Mobileye”-ის ცალკე გამოყოფასა და აქციების ბირჟებზე დალისტვას (IPO). „Mobileye” თვითმართვადი ავტომობილების სექტორში მუშაობს, და „Intel”-მა ის 2017 წელს $15.3 მილიარდად შეიძინა. არსებობს მოსაზრება რომ ინტელს სურს ბირჟებზე განთავსებისას კომპანიის საბაზრო ღირებულება $50 მილიარდად იყოს შეფასებული. IPO-დან მიღებული შემოსავლებით ინტელი გეგმავს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და ახალი ქარხნების მშენებლობაში $44 მილიარდი დოლარის ინვესტირებას. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “Intel”-ის აქციების ფასი ერთი დღის განმავლობაში თითქმის 8%-ით გაიზარდა.
- „Apple”-ის საბაზრო ღირებულება $3 ტრილიონს უახლოვდება: ბოლო პერიოდში „Apple”-ის აქციების ფასი საკმაოდ სწრაფად იზრდება, წლის დასაწყისიდან დღემდე აქციების ფასი თითქმის 39%-ით არის გაზრდილი და იმისთვის, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $3 ტრილიონს მიაღწიოს (ჯერ-ჯერობით სხვა არცერთ კომპანიას არ მიუღწევია ამ ნიშნულისთვის) აქციების ფასი დამატებით კიდევ მხოლოდ 3%-ით უნდა გაიზარდოს. ბოლო 4 კვირის განმავლობაში “AAPL” თითქმის 20%-ით არის გაზრდილი, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კომპანიას კიდევ აქვს სწრაფი ზრდის პოტენციალი. „Morgan Stanley”-იმ სწორედ “Apple”-ი დაასახელა 2022 წლის საუკეთესო აქციის კანდიდატად, და მათმა ანალიტიკოსებმა აქციების ფასის პროგნოზი $200-ამდე გაზარდეს, რაც თითქმის 12%-ით უფრო მაღალია მიმდინარე ფასთან შედარებით.
კალენდარი:
ინვესტორები ამ კვირაში დაელოდებიან ფედერალური რეზერვის შეკრებას, სადაც „FED”-ის თავჯდომარე ჯერომ პაუელი ისაუბრებს ინფლაციის რისკებზე და ინფლაციასთან ბრძოლის შესაძლო გზებზე. არსებობს მოლოდინი რომ შესაძლოა ფედერალურმა რეზერვმა ობლიგაციების შესყიდვის პროგრამის შეჩერება დააჩქაროს და 2022-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდაზეც დაიწყონ საუბარი. სხვა საინტერესო ინფორმაცია, რომელსაც ამ კვირაში ველით არის მწარმოებლების ფასის ინფლაცია, საცალო გაყიდვებისა და ინდუსტრიული წარმოების სტატისტიკა.
კვარტალური შედეგების კალენდარი:
ოთხშაბათი, 15 დეკემბერი: „REV Group“ (REV) და „Lennar“ (LEN).
ხუთშაბათი, 16 დეკემბერი: „Accenture“ (ACN), „Adobe“ (ADBE), „Carnival“ (CCL), „Jabil“ (JBL), „Expensify“ (EXFY), „Rivian Automotive“ (RIVN) და „FedEx“ (FDX).
პარასკევი, 17 დეკემბერი: „Darden Restaurants“ (DRI) და „Winnebago“ (WGO).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო