საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 11/29/2021 - 18:37

მსოფლიო საფონდო ბირჟები, მათ შორის: აქციები, ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთები და ნავთობის ფასიც პარასკევს მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ძირითადად კოვიდის ახალი შტამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ახალი შტამის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი შეზღუდვების დაწესება და მნიშვნელოვნად შეაფერხოს მსოფლიო ეკონომიკების აღდგენის პროცესი, რაც ასევე ნეგატიურ შედეგებს ახდენს საფონდო ბირჟებზე. „ომიკრონი“ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს.  

პარასკევს, მნიშვნელოვნად შემცირდა ინდექსები, მათ შორის „Dow Jones“-ის ინდექსი პარასკევს 2.5%-ით შემცირდა, რაც ინდექსისთვის წლის დასაწყისიდან ყველაზე ცუდი დღე იყო, ასევე დაეცა „S&P 500“-ისა და „Nasdaq Composite”-ის ინდექსებიც, 2.3%-ითა და 2.2%-ით, შესაბამისად.

წინა კვირა შედარებით პოზიტიური აღმოჩნდა ე.წ. “პანდემიის“ კომპანიებისთვის, რომლებზეც პანდემიამ დადებითი გავლენა მოახდინა, როგორებიცაა მაგ: “Zoom”-ი (+5.72%), “Peloton”-ი (+5.67%) და „Moderna“ (+20.57%), რომლებიც კვირის საუკეთესო აქციებს შორის მოხვდნენ. ნეგატიური შედეგი აჩვენეს მოგზაურობასა და ტურიზმთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, როგორებიცაა: ავიახაზები, კრუიზლაინები და სასტუმროები.  მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა ნავთობის ფასმა  და პარასკევს ამერიკაში ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა. 


წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • „Metaverse“-ი შესაძლოა ინვესტორებისთვის ტრილიონ დოლარიან შესაძლებლობად იქცეს: ვირტუალური სამყაროს განვითარების ახალი კონცეფცია „Metaverse“-ი ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ინვესტორებში. ანალიტიკოსებმა ამ სფეროს განხილვა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს მას შემდეგ, რაც „Facebook”-მა სახელი შეიცვალა და „Meta Platforms”-ი დაირქვა. წინა კვირის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრიის გიგანტმა კომპანია „Grayscale“-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მათი შეფასებით „metaverse”-ი შესაძლოა კომპანიებისთვის იქცეს დამატებით 1 ტრილიონი დოლარის შემოსავლის წყაროდ. ამ ვირტუალური სამყაროს განვითარებამ გრძელ ვადაში შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს ბევრი კომპანიის აქციის ფასზე, მათ შორის ანალიტიკოსები ყველაზე ხშირად განიხილავენ ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან: „Meta Platforms“ (FB), „Roblox Corp“ (RBLX), „Snap Inc“ (SNAP), „Matterport Inc“ (MTTR), „NVIDIA Corporation“ (NVDA) და „Match Group Inc“ (MTCH). აქვე აღსანიშნავია, რომ არსებობს „ETF“-ი „Roundhill Ball Metaverse ETF“ (Ticker: META), რომელიც კონკრეტულად „metaverse”-ის სფეროს განვითარებაში ჩართულ დაახლოებით 40 კომპანიის აქციებს აერთიანებს.  
  • ამერიკაში ელ. კომერციის მოცულობამ დღესასწაულების პერიოდში შესაძლოა 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს:  „Adobe Analytics“-ის პროგნოზით ამერიკაში შავ პარასკევს „e-commerce” კომპანიების გაყიდვებმა შესაძლოა $9.6 მილიარდს მიაღწიოს. „Adobe Analytics“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უკვე ცნობილია რომ, ამერიკაში მხოლოდ მადლიერების დღეს ინტერნეტ გაყიდვების მოცულობამ $5 მილიარდს გადააჭარბა და მთლიანად დღესასწაულების პერიოდში ეს ციფრი შესაძლოა $200 მილიარდსაც კი გასცდეს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნება.   ინტერნეტ გაყიდვების მსგავსი ზრდის ტრენდი შესაძლოა დადებითად აისახოს ისეთი კომპანიების შემოსავლებზე, როგორებიც არიან: „Shopify Inc.“ (SHOP), „Amazon Inc.“ (AMZN), „Walmart Inc.“ (WMT), „eBay Inc.“ (EBAY), „Etsy Inc.“ (ETSY) და ა.შ.
  • კომპანია „Baidu”-ს პეკინში საკუთარი „რობოტი ტაქსის“ სერვისის გაშვების უფლება მიეცა: „Baidu”-მ (BIDU) და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა „Pony.ai”-იმ მიიღეს უფლება რომ საკუთარი „robotaxi”-ის სერვისი შესთავაზონ პეკინის მოსახლეობას. ტაქსი თავად მოახდენს მგზავრების გადაყვანას მძღოლის დახმარების გარეშე. პეკინში სერვისის დამტკიცების შემდეგ, კომპანიას ნელ-ნელა მიეცემა შესაძლებლობა რომ ეს სერვისი სხვა ქალაქებშიც გაუშვას. „Baidu” უკვე არსებული გეგმის თანახმად, „robotaxi”-ის სერვისის გაშვებას 2025 წლისთვის 65 ქალაქში გეგმავს, ხოლო 2030 წელს კი მათი მიზანია რომ სერვისი უკვე 100-ზე მეტ ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი. „Baidu”-ს აქციებს 14 ანალიტიკოსი ფარავს და მათი საშუალო შეფასებით აქციების ფასი შემდეგი 12 თვის მანძილზე შესაძლოა $245 დოლარამდე გაიზარდოს, რაც ამჟამინდელ ფასს 60%-ით აღემატება. 


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

კვარტალურ შედეგებს მიმდინარე კვირის განმავლობაში არც თუ ისე ბევრი კომპანია გამოაცხადებს, თუმცა მათ შორის მაინც იქნება რამდენიმე პოპულარული და საინტერესო ბრენდი:

სამშაბათი, 30 ნოემბერი: GlobalFoundries (GFS), Hewlett Packard Enterprise (HPE), NetApp (NTAP), და Salesforce.com (CRM).

ოთხშაბათი, 1 დეკემბერი: CrowdStrike Holdings (CRWD), Okta (OKTA), Snowflake (SNOW), და Splunk (SPLK).

ხუთშაბათი, 2 დეკემბერი: DocuSign (DOCU), Dollar General (DG), Kroger (KR), Marvell Technology (MRVL)  და Asana (ASAN).
 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
სურათი