აქციების ფასები პარასკევს საკამოდ გაიზარდა და ამ ზრდას ყველაზე მეტად ტექნოლოგიური კომპანიებისა და საკომუნიკაციო სერვისების სექტორის კომპანიების ზრდამ შეუწყო ხელი. მიუხედავად პარასკევის ზრდისა, კვირის განმავლობაში ინდექსები მაინც დაცემულია, რაც წინა კვირაში ინფლაციის შესახებ გავრცელებულმა საგანგაშო სტატისტიკამ გამოიწვია. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ოქტომბრის CPI ინდექსი გვიჩვენებს ამერიკაში ისეთ მაღალ ინფლაციას, რომელიც ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ყველა დიდი ინდექსი (S&P 500, Nasdaq Composite, Dow Jones) დაახლოებით 1 პროცენტით არის შემცირებული კვირის განმავლობაში.
საუკეთესო სექტორები წინა კვირის განმავლობაში:
- S&P 500-ის მასალების სექტორი +2.51% (ETF: XLB)
- S&P 500-ის ჯანდაცვის სექტორი +0.61% (ETF: XLV)
- S&P 500-ის ინდუსტრიული სექტორი +0.4% (ETF: XLI)
საინტერესო ახალი ამბები:
- კომპანიების გაყოფა: წინა კვირის განმავლობაში ორმა უზარმაზარმა კონგლომერატმა, “General Electric”-მა და „Johnson & Johnson“-მა გამოაცხადეს რომ საკუთარი კომპანიების რამდენიმე ნაწილად გაყოფას აპირებენ. „General Electric“-ის ხელმძღვანელობამ ინდუსტრიული გიგანტის ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილებები დაანონსა და გამოაცხადეს, რომ კომპანიის სამ ნაწილად გაყოფას აპირებენ. სამივე ახალი კომპანია კონკრეტულ მიმართულებაზე მოახდენს კონცენტრაციას და ეს მიმართულებები იქნება: ავიაცია, ჯანდაცვა და განახლებადი ენერგია. „ინდუსტრიის ლიდერი, გლობალური საჯარო კომპანიების შექმნით, თითოეულს მიეცემა საშუალება რომ ისარგებლონ უფრო მეტი ფოკუსირებით, კაპიტალის უკეთესი ალოკაციითა და სტრატეგიული მოქნილობით, რაც კომპანიებს მიცემს საშუალებას რომ გრძელ ვადაში მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის შექმნან უფრო მეტი დოვლათი“ განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლარი კულპმა.
კვირის დასასრულს, კომპანია „Johnson & Johnson“-მაც გამოაცხადა რომ გეგმავენ საკუთარი სამომხმარებლო ჯანდაცვის მიმართულება გამოყონ ცალკე კომპანიად. ამ გაყოფის შედეგად შეიქმნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამომხმარებლო ჯანდაცვის კომპანია. სამომხმარებლო ჯანმრთელობის მიმართულება, რომელიც ანალიტიკოსების შეფასებით ამ წელს კომპანიას 15 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს, საკუთარ თავში გააერთიანებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა „Band-Aid“-ი, „Tylenol“-ი და „Listerine“-ი. კომპანიის ეს მიმართულება გარდაიქმნება საჯარო კომპანიად და მათი აქციებიც იქნება დალისტული ბირჟებზე. - სტრიმინგ სერვისების ზრდა შენელებულია: „Walt Disney“-ის კვარტალურმა შედეგებმა ინვესტორებს წინა კვირაში იმედები გაუცრუა და შედეგად მათი აქციები კვირის განმავლობაში 10%-ზე მეტად დაეცა. „Disney+” სტრიმინგ სერვისის გამომწერების რაოდენობა მხოლოდ 2.1 მილიონი გამომწერით გაიზარდა, რაც საკმაოდ ჩამორჩებოდა ანალიტიკოსების მოლოდინებს, და წინა კვარტალთან შედარებითაც (12.6 მილიონი) ძალიან შემცირებული იყო. სხვა სტრიმინგ სერვისების მომწოდებლების (HBO Max, Paramount+) ზრდაც შემცირებულია ბოლო პერიოდში, რაც ინვესტორებს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ პანდემიის პერიოდში ამ კომპანიების სწრაფი ზრდა ერთჯერადი გამონაკლისი იყო და ახლა ხალხი უკვე სახლის გარეთ ეძებს გართობის ახალ გზებს.
- წლის ყველაზე დიდი IPO: წინა კვირის განმავლობაში კიდევ ერთი ელექტრო მანქანების მწარმოებელი კომპანია, “Rivian Automotive”-ი (RIVN) გამოვიდა ბირჟებზე პირველადი საჯარო განთავსებით. IPO-ს დროს მათ 11.9 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლეს ინვესტორებისგან, რაც წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პირველადი საჯარო განთავსებაა. აქციის ფასი ბირჟებზე გამოსვლისას $78 იყო, თუმცა კვირის ბოლომდე აქციების ფასი სწრაფად გაიზარდა $130-მდე. ამ ფასის გათვალისწინებით კომპანიის საბაზრო ღირებულება 110 მილიარდი დოლარია, რაც ნიშნავს, რომ „Rivian”-ი უკვე უფრო დიდი კომპანიაა ვიდრე „Ford”-ი, „NIO” და „Lucid group“-იც კი, რომელის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე კვირაა სწრაფად იზრდება. „Rivian“-ი ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადგანაც მათ ელექტრო მანქანების წარმოების გარდა აქვთ სხვა ბიზნეს მიმართულებებიც ამ სექტორში, როგორებიცაა: “Cloud”, პროდუქტ დეველოპმენტი, ანალიტიკა, დამატებითი აქსესუარები და სხვა სერვისები. მათ ეკოსისტემაში შედის ელექტრო-მანქანების დამტენი ინფრასტრუქტურაც.
კვარტალური შედეგების კალენდარი:
ორშაბათი, 15 ნოემბერი: Tyson Foods (TSN), Warner Music Group (WMG), Super League Gaming (SLGG) და Advance Auto Parts (AAP).
სამშაბათი, 16 ნოემბერი: Walmart (WMT), Home Depot (HD), NetEase (NTES) და Dolby Labs (DLB).
ოთხშაბათი, 17 ნოემბერი: Baidu (BIDU), Target (TGT), Lowe's (LOW), TJX Companies (TJX), Nvidia (NVDA) და Weber (WEBR).
ხუთშაბათი, 18 ნოემბერი: JD.com (JD), Alibaba (BABA), Macy's (M), Kohl's (KSS), Workday (WDAY), Applied Materials (AMAT) და Palo Alto Networks (PANW).
პარასკევი, 19 ნოემბერი: Foot Locker (FL).
„IPO“-ები ამ კვირაში:
IPO-ების დახმარებით ამ კვირაში ამერიკულ ბირჟებზე შემდეგი კომპანიები გამოვლენ: Braze (BRZE), UserTesting (USER), Iris Energy (IREN), და Sono Group (SEV) 17 ნოემბერს, ხოლო KC Holdco (KLC) და Sweetgreen (SG) კი 18 ნოემბერს. ამ კომპანიებს შორის ინვესტორების ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს „Sono Group“-ი. „Sono Group“-ი მოღვაწეობს ელექტრო-მანქანების სფეროში და მათი მიზანი ელექტრო-მანქანების დატენვა მთლიანად გადაიყვანონ მზის ენერგიაზე. კომპანიის მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომანქანა საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური უნდა იყოს და წინასწარი ინფორმაციით მათ უკვე აქვთ მიღებული 16,000 წინასწარი შეკვეთა ამ მოდელზე.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო