საფონდო ბირჟების ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 12/06/2021 - 18:55

წინა კვირა ფინანსური ბაზრებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. NASDAQ-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს, წინა კვირაში 2.62%-ით დაეცა, ხოლო „S&P 500”-ის ინდექსი (აშშ-ს ტოპ 500 კომპანია) და დოუ ჯონსის ინდექსი იმავე პერიოდში 1.22%-ით და 0.91%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ NASDAQ-ისა და S&P 500-ისთვის ეს შემცირების მეორე კვირაა, ხოლო დოუ ჯონსის ინდექსი კი უკვე 4 კვირაა მცირდება. აშშ-ში გამოქვეყნდა ახალი სამუშაო ადგილების სტატისტიკა. ნოემბერში აშშ-ში 210,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ეკონომისტების მოლოდინებს, რომლებიც დაახლოებით 535,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებდნენ. 


საუკეთესო სექტორები წინა კვირის განმავლობაში:

  • „S&P 500“-ის ტექნოლოგიური სექტორი + 1.23% (ETF: XLK)
  • „S&P 500“-ის კომუნალურების სექტორი + 0.97% (ETF: XLU)
  • „S&P 500“-ის უძრავი ქონების სექტორი + 0.07% (ETF: XLRE)

 

კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • ამერიკაში ინფლაცია აღარ განიხილება როგორც „გარდამავალი“:  აშშ-ს ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები, მათ შორის თავჯდომარე ჯერომი პაუელიც, რამდენიმე თვე ამტკიცებდნენ რომ ინფლაცია პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო იზრდებოდა და ეს პრობლემები მალევე მოგვარდებოდა, თუმცა წინა კვირის განმავლობაში პაუელმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი ინფლაციას აღარ თვლიან „გარდამავლად“ და შეიძლება ინფლაციის მაჩვენებელი მათ მოლოდინებზე უარესი აღმოჩნდეს. მზარდი ინფლაციის გამო ფედერალური რეზერვი განიხილავს ობლიგაციების შესყიდვის პროგრამის უფრო სწრაფად შეჩერებას და მოსალოდნელია, რომ აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდა უკვე 2022 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყება. ინფლაციის პერიოდში, როგორც წესი სწრაფად მზარდი კომპანიების აქციები არც თუ ისე კარგ შედეგებს აჩვენებენ, თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთ დროს ღირებულებითი (Value) და დივიდენდ აქციებში საუკეთესო არჩევანია ინფლაციის ნეგატიური შედეგების შესამცირებლად. მაგალითად, ვორენ ბაფეტს არაერთხელ უხსენებია რომ უძრავი ქონების სექტორიც შეიძლება კარგი ინვესტიცია იყოს ინფლაციის პერიოდში.  „Yahoo Finance”-ის ერთ-ერთი ბოლო სტატიის მიხედვით, ზოგიერთი კომპანია, რომლებმაც ინფლაციის პერიოდში შესაძლოა სხვებთან შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენოს არის: „Apple Inc.“ (AAPL), „Adobe Inc.“ (ADBE), „MercadoLibre, Inc.“ (MELI) და „Federal Realty Investment Trust“ (FRT).
  • „DocuSign“-ის (DOCU) აქციები ერთ დღეში 40%-ზე მეტით შემცირდა: პარასკევს, პანდემიის პერიოდში საკმაოდ სწრაფად მზარდი კომპანია „DocuSign“-ის აქციის ფასები 40%-ზე მეტით დაეცა. კომპანიის აქციების ფასის ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას, კომპანიის მენეჯმენტმა ახსენა, რომ შემდეგი კვარტალის განმავლობაში ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შემცირებას მოელიან. ამას ასევე დაემატა ინვესტორებში გაზრდილი რისკები პანდემიის პერიოდში მზარდი კომპანიების (Growth) მიმართ, რომლებიც მაღალი ინფლაციის პირობებში შედარებით ნეგატიურ შედეგებს აჩვენებენ. ბოლო ერთი თვის პერიოდში ასევე შემცირებულია სხვა ბევრი სწრაფად მზარდი კომპანიის აქციის ფასები, მათ შორის: Upstart Holdings (UPST) - 48.25%, %, Crowdstrike Holdings Inc (CRWD) - 27.93% და Affirm Holdings Inc (AFRM) - 34.70%.  ინვესტორებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ გრძელ ვადაში ეს კომპანიები მაინც შეძლებენ სწრაფი ზრდის გაგრძელებას, შესაძლოა ეს საკმაოდ კარგი პერიოდი იყოს ამ აქციებში ინვესტირებისთვის.
  • “DIDI”-ის ბირჟებიდან მოხსნა შესაძლოა საკმაოდ ცუდი ნიშანი იყოს „Alibaba”-სა და სხვა ჩინური კომპანიების ინვესტორებისთვის:  „DIDI“-ის ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობის ისტორია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იქნება ფინანსური ბაზრების ისტორიაში. ჩინურმა კომპანიამ, პარასკევს გააკეთა განცხადება, რომ უახლოეს მომავალში DIDI-ის აქციები აღარ იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ს საფონდო ბირჟაზე და კომპანია მოემზადება ჰონგ კონგში საჯარო განთავსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის პირველადი საჯარო შეთავაზებიდან მხოლოდ 5 თვეა გასული და მას შემდეგ კომპანიის აქციის ფასი თითქმის 50%-ითაა შემცირებული. ეს ახალი ამბავი საკმაოდ ცუდი სიგნალი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ამერიკულ ბირჟებზე განთავსებული ჩინური კომპანიების (Alibaba, JD.com, NIO, XPeng ) ინვესტორებისთვისაც.

 

კალენდარი:

ხუთშაბათს გავრცელდება „CPI” ინდექსის რეპორტი, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს ინვესტორებს ინფლაციის შესახებ. „CPI” ინდექსის გავრცელების შემდეგ რამდენიმე დღეში იგეგმება ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების შეხვედრაც, სადაც ისინი განიხილავენ ინფლაციურ რისკებს. არსებობს მოლოდინი, რომ „CPI”-ის მაჩვენებელმა შესაძლოა 6.7%-ს მიაღწიოს, რაც 1982 წლის შემდეგ არ მომხდარა.

 

მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგების პრეზენტაციები:

ორშაბათი, 6 დეკემბერი: Coupa Software (COUP) და MongoDB (MDB).

სამშაბათი, 7 დეკემბერი: AutoZone (AZO), ChargePoint Holdings (CHPT), Toll Brothers (TOL), Stitch Fix (SFIX) და Dave & Buster's Entertainment (PLAY).

ოთხშაბათი, 8 დეკემბერი: Campbell Soup (CPB), GameStop (GME), RH (RH) და Torrid Holdings (CURV).

ხუთშაბათი,  9 დეკემბერი: Broadcom (AVGO), Chewy (CHWY), Costco (COST), Oracle (ORCL) და Lululemon (LULU) .

პარასკევი, 10 დეკემბერი: Academy Sports + Outdoors (ASO).

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

 

Type
Blog
Thumbnail
სურათი