გასულ კვირას აშშ-ში ინფლაცია გამოქვეყნდა, რომელიც პროგნოზზე 0.1%-ით მაღალი - 8.2% დაფიქსირდა. ეს ერთი შეხედვით საკმაოდ მცირე სხვაობაა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბაზარზე მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრების მოლოდინი შეექმნა. შედეგად S&P 500-ის ღირებულება კვირის განმავლობაში 1.8%-ით დაეცა, ხოლო NASDAQ-ის - 3.2%-ით. საინტერესოა, რომ Dow Jones Industrial Average 1.2%-ით გაიზარდა კვირის განმავლობაში, რასაც ხელი შეუწყო მომხმარებლის განწყობის ინდექსის მოლოდინზე მეტად გაუმჯობესებამ.
PepsiCo:
ოთხშაბათს პეპსიკომ გამოაქვეყნა მესამე კვარტლის ფინანსური შედეგები, სადაც ჩანს, რომ კომპანიის ბრუნვამ 22 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო EPS-ი, ანუ მოგება თითო აქციაზე, თითქმის 2.0$ იყო. რადგან ორივე მაჩვენებელი მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა, კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 5.3%-ით გაიზარდა.
PepsiCo-ს მენეჯმენტმა ასევე გაზარდა პროგნოზი 2022 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებზე. კომპანია ამჟამად ელოდება 12.0%-იან წლიურ ზრდას ჯამურ გაყიდვებში 10.0%-ის სანაცვლოდ და 10.0%-იან ზრდას EPS-ში 8.0%-ის სანაცვლოდ.
ერთი შეხედვით შეიძლება უცნაური იყოს გლობალური კრიზისის ფონზე კომპანიის ასეთი წარმატებული კვარტალი, თუმცა აღსანიშნავია, რომ PepsiCo აწარმოებს პირველადი მოხმარების პროდუქციას (მაგ. პეპსი), რაზეც მოთხოვნა დიდწილად სტაბილურია ეკონომიკური სირთულეების დროსაც. სწორედ ამიტომ, მაშინ როცა ზოგადი ბაზრის ინდექსი, S&P 500, წლის დასაწყისიდან 25.0%-ითაა გაუფასურებული, პეპსიკომ აქციების ღირებულება სულ 1.5%-ითაა შემცირებული.
Morgan Stanley:
მორგან სტენლიმ მოლოდინზე უარესი შედეგები გამოაქვეყნა მესამე კვარტალში, როგორც მოგებაზე ისევე ბრუნვაზე, რომელიც წლიურად 12.0%-ითაა შემცირებული. შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულება კვირის მანძილზე 5.2%-ით დაეცა. ამის მიზეზად მენეჯმენტი ასახელებს ბიზნესებისგან ნაკლებ მოთხოვნას დაფინანსებებზე, რაც ბუნებრივია, ამცირებს მოთხოვნას ბანკის ისეთ სერვისებზე, როგორიცაა IPO-ს უზრუნველყოფა და აქციებისა და ობლიგაციების გამოშვება.
JPMorgan:
მორგან სტენლისგან განსხვავებით, JPMorgan-მა მოლოდინზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის ბრუნვა პროგნოზს 1.5 მილიარდი დოლარით აღემატეობდა, ხოლო EPS 2.88 დოლარის ნაცვლად 3.12 დოლარი იყო. ამ დადებით შედეგს ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მეირ გაზრდილმა განაკვეთმა, რაც კომპანიისთვის მაღალ საპროცენტო შემოსავალში აისახა, რომელიც კვარტლურად 34%-ითაა გაზრდილი.
თუმცა, მიუხედავად ამჟამინდელი მოთხოვნის სიჟანსაღისა, ბანკის მენეჯმენტმა ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გლობალურ რისკებზე, რომელმაც შესაძლოა ამერიკის ეკონომიკა რეცესიაში შეიყვანოს და შესაბამისად უარყოფითი გავლენა იქონიოს კომპანიის სამომავლო შედეგებზე.
17 ოქტომბრის კვირას საკმაოდ ბევრი მსხვილი კომპანია აქვეყნებს მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს. საფინანსო სექტორიდან ეს კომპანიებია Bank of America, Goldman Sachs და American Express, ავიაციიდან - American Airlines და United Airlines, კომუნიკაციების სექტორიდან - AT&T და Verizon, ხოლო ტექნოლოგიებიდან Tesla, IBM და Netflix. ასევე შედეგებს გამოაქვეყნებს ორი უმსხვილესი პირველადი სამომხმარებლო პროდუქციის მწარმოებელი - P&G და Johnson & Johnson.