Google-ის გეგმები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 05/17/2023 - 11:06

ბაზრის მიმოხილვა:
გასულ კვირას, აქციების ბაზრები მცირედით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში გამოქვეყნდა მომხმარებლის გაუარესებული სენტიმენტები და მაღალი ინფლაციის მოლოდინები. მაისში Michigan Consumer Sentiment Index 6 თვის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 57.7-მდე შემცირდა, ხოლო 5-წლიანი ინფლაციის მოლოდინები კი საგრძნობლად გაიზარდა. კვირის განმავლობაში, Nasdaq 100 0.6%-ით გაიზარდა, S&P 500 0.3%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-მა 1.1% დაკარგა.

 

სიახლეები:
Google-ის გეგმები ხელოვნური ინტელექტის დარგში: გასულ კვირას, Alphabet-ის აქციების ფასი 11%-ით გაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Google-ის მენეჯმენტმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე, რომლებსაც ჩააშენებენ საძიებო სისტემაში და სხვადასხვა სამუშაო პროგრამებში, როგორიცაა Google Docs. ამასთანავე, კომპანიამ განაცხადა, რომ Bard AI ჩატბოტს დახვეწენ და მეტ ენაზე აამუშავებენ. კაპიტალის ბაზრის ანალიტიკოსები ოპტიმისტურად უყურებენ Alphabet-ის ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში. მაგალითისთვის, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსი ბრაიან ნოვაკი თვლის, რომ კომპანია ამ დარგში ბაზრის უპირობო ლიდერი გახდება.

Robinhood-მა მოლოდინზე მაღალი შემოსავალები გამოაქვეყნა: Robinhood პირველი ამერიკული საბროკერო კომპანია გახდება, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას კვირის დღეებში 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ ისეთი საფინანსო პროდუქტებით, როგორებიცაა აქციები და ETF-ები. ივნისისთვის კომპანია გეგმავს, რომ 24-საათიანი ვაჭრობა დაუშვას 43 აქციაზე, როგორებიცაა, Amazon.com, Apple და Tesla. 
2023 წლის პირველ კვარტალში Robinhood-მა გამოაქვეყნა მოლოდინზე უკეთესი შემოსავალები, რომელმაც $441 მილიონს მიაღწია, ხოლო წაგება თითო აქციაზე შემცირდა $0.57-მდე. გაუმჯობესებულია მოლოდინი კომპანიის ხარჯებზეც. 2023-ში Robinhood-ის საოპერაციო ხარჯების პროგნოზი $30 მილიონით შემცირდა და $2.345-$2.485 მილიარდის დიაპაზონში მერყეობს. 

Airbnb-ს აქციები გაუფასურდა: კომპანიის აქციების ფასი 10%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა 2023 წლის მეორე კვარტლის გაუარესებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მათი პროგნოზების მიხედვით, შემცირდება ჯავშნები ღამის გართობის კატეგორიაში, სადაც საკმაოდ დიდი მოთხოვნის ზრდა დაფიქსირდა პანდემიის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა სავარაუდოდ ძლიერი იქნება კომპანიის hosting სერვისზე, რომელიც კომპანიის მთავარი სერვისის კატეგორიაა. 2023 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ გამოაქვეყნა მოლოდინზე უკეთესი როგორც მოგება ისე შემოსავლები. Airbnb-ს მოგება თითო აქციაზე $0.18 იყო, ხოლო შემოსავალი კი $1.82 მილიარდი. ჯამური ჯავშნების ღირებულებამ $20.4 მილიარდს მიაღწია, რაც დიდწილად განაპირობა წლიურ 19%-იანმა ზრდამ ღამის გართობის კატეგორიაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია მეტ ინვესტიციას აპირებს უცხო ქვეყნების ბაზრებზე (მაგალითად ბრაზილიაში და გერმანიაში).


კვირის ETF:
ARK Innovation ETF (ARKK): ARKK არის აქტიურად მართული ETF, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციას ისეთ კომპანიებში, რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან ინოვაციებს და შესაბამისად, მაღალი ზრდის პოტენციალი აქვთ გრძელ ვადაში. ფონდში ძირითადად ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები შედიან, რომლებიც მუშაობენ ისეთ დარგებში, როგორებიცაა:

  • DNA ტექნოლოგიები და გენური ინჟინერია
  • ავტომატიზაცია და Robotics
  • ხელოვნური ინტელექტი და “Next Generation Internet”
  • ფინტექ ინოვაცია
     

     

Type
Blog
Thumbnail
a